ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე, ახალგამოვლენილ გარემოებებთან დაკავშირებით, გ.ჯ.-სა და გ.ბ-ს გამოკითხვა მომდევნო კვირაში იგეგმება

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე, ახალგამოვლენილ გარემოებებთან დაკავშირებით, საქმეზე გამტყუნებული ორი ბრალდებულის გამოკითხვა იგეგმება. როგორც „ინტერპრესნიუსისთვის“ გახდა ცნობილი, გამომძიებლები არასრულწლოვნებთან ვიზიტს 4 ივნისს გეგმავენ. სააგენტოს ინფორმირებულმა წყარომ უამბო, რომ კითხვები ძირითადად ერთ-ერთი ბრალდებულის მიერ სასამართლოში დაკითხვისას გაჟღერებულ ინფორმაციას შეეხება, რომელიც მირზა სუბელიანს ეხება. კერძოდ, ბრალდებულმა სასამართლოში დაკითხვისას თქვა, რომ მან კალანდიებთან სახლში მისული მირზა სუბელიანი ნახა, მას მიესალმა კიდეც, რის შემდეგაც ის მიხეილ კალანდიამ ოთახიდან გაიყვანა და უთხრა – „ხომ იცი ბიძაჩემი რა მაგარი პროკურორია, ყველაფერს დაალაგებსო“. გამოძიების კითხვებიც სავარაუდოდ სწორედ გ.ჯ.-ს ჩვენების ამ ეპიზოდს შეეხება.

ვინაიდან აღნიშნულ ბრალდებულს გამოძიების ეტაპზე ჩვენება არ ჰქონდა მიცემული, სასამართლოში დაკითხვისას გაჟღერებული ეს ინფორმაცია გამოძიებისთვის ახალი გარემოება აღმოჩნდა, რაც გამოძიების ამ მიმართულებას საფუძვლად დაედო. ახალგამოვლენილ გარემოებებთან დაკავშირებით, გუშინ გვიანობამდე იკითხებოდნენ შსს-ში პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი და ასევე ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე, დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებული მიხეილ კალანდია. გარდა ამისა, შსს-ში გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ, ერთ-ერთი ბრალდებულის გ.ჯ.-ს ოჯახის წევრები, მათ შორის მამა.

ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვანის, ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ცნობილ გ.ბ-ს სასამართლომ 10 წელი 6 თვე მიუსაჯა, ხოლო დამამძიმებელ გარემოებაში არასრულწლოვან დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ გ.ჯ.-ს 9 წელი და 9 თვე მიესაჯა.

შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ლევან დადუნაშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, დავით სარალიძე კი ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები