გაეროში შოთა რუსთაველის საიუბილეო მარკის წარდგენა გაიმართა
გაეროს დარბაზში ჩატარდა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავის აღსანიშნავი საზეიმო ღონისძიება, რომლის ფარგლებშიც მოხდა შოთა რუსთაველის საიუბილეო მარკის წარდგენა.
შოთა რუსთაველის მარკა გაეროს საფოსტო ადმინისტრაციამ დაიეჭდა და პოეტის 850 წლის იუბილეს ეძღვნება. ღონისძიებაზე ნაჩვენები იყო მოკლემეტრაჟიანი ფილმი საქართველოს პირველ რესპუბლიკაზე, მარკის საზეიმო წარდგენის შემდეგ კი გაიმართა კონცერტი „Georgian Overtones”, ამერიკაში მოღვაწე ჯაზმუსიკოსის, გიორგი მიქაძის ბენდისა და ქართველი მომღერლების მონაწილეობით.
კონცერტი საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდა. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც გაერო გამოსცემს სპეციალურ საფოსტო მარკას შუასაუკუნეებში მოღვაწე პირთან დაკავშირებით, რაც საქართველოსა და მისი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის, ასევე რუსთაველის გენიის და მსოფლიო ცივილიზაციის საგანძურში საქართველოს მიერ შეტანილი წვლილის კიდევ ერთი დიდი აღიარებაა.
ღონისძიებას დაესწრნენ: გაეროს წევრი ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლები, გაეროს სამდივნოსა და სხვადასხვა სააგენტოს ხელმძღვანელები, მედიისა და ხელოვნების წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები.