“ხორავას ქუჩის საქმის გამოძიებაში უცხოელი პროკურორები და ექსპერტები ჩაერთვებიან”

ხორავას ქუჩის საქმის გამოძიებაში, მეტი გამჭვირვალობის შესატანად, უცხოელი პროკურორები და ექსპერტები ჩაერთვებიან. ამის შესახებ, რამდენიმე წუთის წინ, საგანგებოდ დანიშნულ ბრიფინგზე მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ განაცხადა.
“ზაზა სარალიძეს, მის ადვოკატთან ერთად, მიეცემა საშუალება, პირადად გაეცნოს საგამოძიებო ნაწილის მუშაობას და უცხოელი ექსპერტების და პროკურორებისგან მიიღოს ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობაზე”, – განაცხადა ირაკლი შოთაძემ.
მისივე თქმით, გამოძიებამ და პროკურატურამ ყველაფერი გააკეთეს, რაც ამ ეტაპზე შესაძლებელი იყო.
შოთაძემ იმ 40 დღეზეც გაამახვილა ყურადღება, რომელსაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი ითვალისწინებს.
შოთაძის თქმით, ხორავას ქუჩის საქმეზე საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, პროკურატურა გაასაჩივრებს.
შეგახსენებთ, რომ დღეს, სასამართლომ, ხორავას ქუჩაზე მომხდარ არასრულწლოვანთა მკვლელობის საქმეზე, გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა:
„2018 წლის 31 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ, გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა ხორავას ქუჩაზე მომხდარ არასრულწლოვანთა მკვლელობის საქმეზე ბრალდებული ორივე პირის მიმართ. კერძოდ, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობისათვის და მკვლელობის მცდელობისათვის სასამართლომ არასრულწლოვანი ბრალდებულები დამნაშავედ ცნო.
სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით გ.ბ. ცნობილი იქნა დამნაშავედ დამამძიმებელ გარემოებაში – წინასწარი შეცნობით არასრუწლოვან ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში, ხოლო, გ.ჯ. ცნობილი იქნა დამნაშავედ დამამძიმებელ გარემოებაში – წინასწარი შეცნობით არასრუწლოვან დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში.
ამავე განაჩენით, წარდგენილ ბრალდებაში გ.ბ. , გ.ჯ.-სთან ერთად უდანაშაულოდ იქნა ცნობილი დავით სარალიძის ჯგუფურ მკვლელობაში, ხოლო გ.ჯ მიერ ჩადენილი დანაშაული სასამართლოს მიერ დაკვალიფიცირდა როგორც დავით სარალიძის მკვლელობის მცდელობა დამაძიმებელ გარემოებაში“.
სასჯელის დანიშვნის სხდომა ხვალ, 1-ელ ივნისს, 10:30 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები