თბილისის ცის ქვეშ ნიაზ დიასამიძის ღია კონცერტი გაიმართება
2 ივნისს, 18:00 საათზე, ვაკის პარკში, კლუბ „33ა“-ში გაიმართება ნიაზ დიასამიძის ღია კონცერტი თბილისის ცის ქვეშ.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, „თბილისის ცის ქვეშ“ არის პლატფორმა, რომელიც ყველა დაინტერესებულ პირს მისცემს საშუალებას, საკუთარი იდეები ღია ცის ქვეშ ახლებური ხედვით განახორციელოს.
პროექტის მიზანია კულტურის საყოველთაო ხელმისაწვდომობა, ქალაქის ცხოვრების გამრავალფეროვნება, გარეუბნებში კულტურული ცხოვრების გააქტიურება, უქმე დღეებში მწვანე სივრცეებში დასვენების კულტურის ჩამოყალიბება, კულტურული და შემოქმედებითი ინდუსტრიის განვითარება, მულტიდისციპლინური პროექტების ხელშეწყობა, ახალი ტალანტების აღმოჩენა და მათი მხარდაჭერა.
პლატფორმა მოიცავს მუსიკალურ კონცერტებს, საგანმანათლებლო ლექციებს, ინფო-ტურებს, ღია კინოჩვენებებს, სხვადასხვა ტიპის გამოფენებს, თეატრალურ წარმოდგენებს, ფესტივალებს და სხვა ღონისძიებებს, რომლებზეც დასწრება თავისუფალი იქნება.