10 წლის ანა კალანდაძემ, რომელიც „ჯორჯიან მანგანეზის“ თანადგომით გაემგზავრა იტალიაში, საერთაშორისო მუსიკალურ კონკურსზე განსაკუთრებული I ,,Assoluto ex-aequo” პრემია მოიპოვა

ზესტაფონის რევაზ ლაღიძის სახელობის სამუსიკო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლე ანა კალანდაძე, იტალიაში,  ვენეციის მე-6 საერთაშორისო მუსიკალური კონკურსის გამარჯვებულია. 10 წლის ანამ, რომელიც უკვე ცხრა საერთაშორისო და მრავალი ეროვნული კონკურსისა და ფესტივალის გამარჯვებულია, თავის კატეგორიაში უმაღლესი შეფასება – 100-დან 100 ქულა მიიღო და პირველი პრემიის მფლობელი გახდა.
პატარა პიანისტის წარმატების შესახებ ანას პედაგოგმა, ქალბატონმა ლელა მინაშვილმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გაავრცელა ინფორმაცია:
„იტალიაში, 15 – 20 მაისის ჩათვლით ჩატარდა ვენეციის საერთაშორისო მუსიკალური კონკურსი „San Dona’ di Piave“.  ჩემს ანას ამ კონკურსზეც ჰქონდა ბრწყინვალე წარმატებები, მან დაიმსახურა უმაღლესი შეფასება ჟიურის წევრებისაგან, ანას შესრულება შეაფასეს ასი ქულიდან ასი ქულით და მიანიჭეს I „Assoluto ex-aequo“ პრემია.
მადლობა უპირატესად უფალს, დიდება მის სახელს!
უღრმესი მადლობა კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ ადმინისტრაციას ფინანსური მხარდაჭერისათვის, ასევე უღრმესი მადლობა ჩვენს უსაყვარლეს მეგობრებს, ახლობლებს და ოჯახს გულშემატკივრობისათვის და თანადგომისათვის“, – წერს ლელა მინაშვილი.
ქალბატონმა ლელამ აღნიშნა, რომ ვენეციის ტიტულოვან და პრესტიჟულ კონკურსში მონაწილეობდნენ მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნის პიანისტები. ანას კატეგორიაში მონაწილეობდა 21 კონკურსანტი სხვადასხვა ქვეყნიდან.
აღსანიშნავია, რომ ანამ გალაკონცერტისთვის, საკონკურსო პროგრამიდან ამოარჩია ქართული ნაწარმოები – ოთარ თაქთაქიშვილის პოემა და ორივემ, პიანისტმაც და ნაწარმოებმაც დაიმსახურეს ბრწყინვალე შეფასება აუდიტორიისაგან.
ქალბატონი ლელა აღნიშნავს, რომ ანა მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული ბავშვია, ასევე ბრწყინვალედ სწავლობს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში, აქვს განსაკუთრებული წარმატებები მათემატიკაში, ცეკვავს და ხატავს არაჩვეულებრივად.
პედაგოგი ხაზს  უსვამს ეროვნულ კონკურსებს და ფესტივალებს, რომლებზეც ანა კალანდაძე გაიზარდა წარმატებულ პატარა პიანისტად. ასევე, ემადლიერება ხელოვნების აკადემიისა და მუსიკის აკადემიის რექტორს, ბატონ ვალერიან შიუკაშვილს, რომლის ძალისხმევითაც უკვე დიდი ხანია, ტარდება სხვადასხვა საერთაშორისო და ეროვნული კონკურსები და ფესტივალები პატარა მუსიკოსებისთვის.
სწორედ თბილისის ხელოვნებისა და მუსიკის აკადემიის ვ. ა. მოცარტის სახელობის საერთაშორისო მუსიკალური კონკურსი იყო ანას პირველი საერთაშორისო კონკურსი.
ამ კონკურსზე გაიმარჯვა ანამ და ჯილდოდ გადაეცა სტოკჰოლმის საერთაშორისო მუსიკალური კონკურსის ფინალის სერტიფიკატი, სტოკჰოლმში კი მას მიენიჭა  პირველი პირველი პრემია.
ქალბატონი ლელა აღნიშნავს, რომ ანას პროფესიული ოსტატობის ზრდისათვის აუცილებელია მასტერკლასები მსოფლიოს სხვადასხვა აღიარებულ პედაგოგებთან და პიანისტებთან. ასეთი მასტერკლასების საშუალებას კი იძლევა აერთაშორისო კონკურსები, სადაც მონაწილეობის მიღება, გარდა წარმატებისა და განსაკუთრებული ნიჭისა, დამოკიდებულია სოლიდურ თანხებზეც. ანა, ნინო და გენადი კალანდაძეების ექვსშვილიანი ოჯახის პირველი შვილია. მოგეხსენებათ, მრავალშვილიანი ოჯახისათვის ძალიან რთულია ასეთი სოლიდური თანხების მოძიება, ქალბატონი ლელა უსაზღვროდ ემადლიერება კომპანია ,,ჯორჯიან მანგანეზს”, რომელმაც უკვე მესამედ დააფინანსა მათი გამგზავრება საერთაშორისო კონკურსზე.

„მე მივედი ბატონ ვასილ გველესიანთან, რომელმაც არაჩვეულებრივად მიგვიღო, გაგვაგზავნა ქალბატონ თამარ ჭიპაშვილთან. მანაც ასევე გულისხმიერად მიგვიღო, დაბოლოს, მადლობა კომპანიის მმართველს, ბატონ ნიკოლოზ ჩიქოვანს. გაგვიმართლა, რომ აქ დაგვხვდნენ გულისხმიერი  და პერსპექტიულად მოაზროვნე ადამიანები“, – ამბობს ქალბატონი ლელა.
,,მათი უბადლო გულისხმიერებისა და ღვთისნიერების წყალობით, უკვე მესამედ მივიღეთ მონაწილეობა სხვადასხვა საერთაშორისო მუსიკალურ კონკურსში, პირველად დაგვაფინანსეს მე და ჩემი მე-9 კლასელი მოსწავლე ანა ჩაფიძე ესპანეთის საერთაშორისო მუსიკალური კონკურსისთვის, სადაც მან I პრემია მიიღო. შემდეგ დაგვიფინანსეს ტენერიფეს საერთაშორისო მუსიკალური კონკურსი, სადაც ასევე I პრემია გადაეცა ანა კალანდაძეს.
ამჯერად კი დაგვიფინანსეს იტალიის საერთაშორისო მუსიკალური კონკურსი, მოსწავლეც და პედაგოგიც – 5 ათასი ლარით დაფინანსდა, და ამჯერადაც ბრწყინვალე წარმატებით დავბრუნდით”, – აღნიშნავს ქალბატონი ლელა.
იგი კმაყოფილია, რომ ყველანაირად  მხარში უდგანან –  „ჯორჯიან მანგანეზი“, ზესტაფონის რაიონის გამგეობა  და კულტურის სამინისტრო, რომელიც სხვადასხვა დროს ორჯერ დაეხმარა პატარა მუსიკოსს.
„ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალური მმართველის, ნიკოლოზ ჩიქოვანის თქმით, სასიხარულო და საამაყოა, რომ რეგიონის მოსწავლეები წარმატებით გამოდიან საერთაშორისო ფესტივალებზე, კომპანია მათ ყოველთვის  გვერდში დაუდგება და დაეხმარება.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები