თბილისის მე-11 საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალი იწყება
30 მაისიდან 3 ივნისის ჩათვლით, თბილისის მე-11 საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალი გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ფესტივალის გახსნის ცერემონიაზე, 30 მაისს, 20:00 საათზე (აღმაშენებლის გამზ. 40), ნაჩვენები იქნება პირველი ქართული ანიმაციური ფილმი „არგონავტები”, რომელიც 1935 წელსაა გადაღებული. ქართული და უცხოელი მაყურებლისთვის ამ ფილმის ჩვენება საქართველოს ეროვნული არქივის მხარდაჭერით მოეწყობა. ქართული კინოს 110 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, „კინოსტუდია ქართული ფილმის” მხარდაჭერით, ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება ძველი ქართული ფილმების აფიშების გამოფენა.
დაჯილდოების ცერემონია გაიმართება 3 ივნისს, 20:00 საათზე, განახლებულ თეატრ „სპარტაკში” (რუსთაველის გამზ. 19).
პროექტი საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ქალაქ თბილისის მერიის და კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით, პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში ხორციელდება. ფესტივალი საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით ტარდება.