მანანა კობახიძე: ვერ გეტყვით რა თანხააა გადახდილი, ალბათ გადახდილია ის თანხა, რისი საჭიროებაც იყო

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ მანანა კობახიძემ, არასამთავრობო ორგანიზაცია IDFI-ის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობის მონიტორინგის შედეგები შეაფასა.

შედეგების მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ 180 ათას ლარიანი მანქანა შეიძინა.

„ვერ გეტყვით რა თანხაა გადახდილი, ალბათ გადახდილია ის თანხა, რისი საჭიროებაც იყო“,- განაცხადა მანანა კობახიძემ.

მისივე თქმით, მას არ აქვს დეტალური ინფორმაცია მონიტორინგის შედეგების შესახებ, თუმცა ამბობს, რომ კვლევის შედეგები საყურადღებოა. რაც შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მიერ შეძენილ ავტომობილს, მანანა კობახიძე დარწმუნებულია, მიუხედავად იმისა, რომ მანქანა, 180 ათასი ლარი ღირს, ის თავმჯდომარემ საჭიროებიდან გამომდინარე შეიძინა.

„რაც შეეხება კვლევის შედეგებს, რა თქმა უნდა, გავეცნობით, საყურადღებოა. წინასწარ რამის თქმა, როდესაც კვლევას ჯერ არ ვიცნობთ, გაგვიჭირდება, თუმცა თუ კვლევაში არის მოსაზრება და პოზიცია, რომელიც გასაზიარებელი რეკომენდაციაა, რა თქმა უნდა, სასამართლო ამას ყურადღებით გაეცნობა.

რაც შეეხება ფინანსურ ნაწილს, ერთი რამ შემიძლია გითხრათ, თუკი რაიმე ხარჯია გაწეული სასამართლოში, დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ მხოლოდ და მხოლოდ კანონთან შესაბამისი და რაიმე განსაკუთრებულს არ ველოდები რომ კვლევაში იყოს. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, შედარების თვალსაზრისითაც, როგორი იყო ხარჯები 2012 წლამდე, იმიტომ რომ კვლევა მოიცავს 2012-დან -2017 წელს. ალბათ ეს კითხვაც იქნება ჩემი მხრიდან, რატომ გამოიკვეთა მაინცდამაინც ეს პერიოდი და როგორი იყო ვითარება მანამდე.

თავმჯდომარე რომ ფეხით ვერ გადაადგილდება თბილისიდან ბათუმში და ძალიან ხშირად შეიძლება მას უწევს მოძრაობა ამ მანძილზე, ეს მე მგონი კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას, რომ სატრანსპორტო უზრუნველყოფა მოსამართლეებს მთელს მსოფლიოში აქვთ. ვერ გეტყვით რა თანხააა გადახდილი, ალბათ გადახდილია ის თანხა, რისი საჭიროებაც იყო”, – განაცხადა მანანა კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) ფონდ ღია საზოგადოება – საქართველოს (OSGF) ხელშეწყობით საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობის მონიტორინგის შედეგების და კანონპროექტის პრეზენტაცია გამართა. მონიტორინგის მიზანია, საკონსტიტუციო სასამართლოს, ყოველდღიური საქმიანობის შეფასება და ხარვეზების გამოვლენა. მონიტორინგის შედეგები IDFI-ის კანონის უზენაესობის მიმართულების ხელმძღვანელმა გიორგი ბერაიამ წარადგინა. მისი განმარტებით, მონიტორინგის შედეგად, საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ მოქმედ კანონმდებლობაში არაერთი პრობლემა გამოვლინდა.
„ფინანსურ ანგარიშებთან დაკავშირებით აღსანიშნავია, რომ კითხვები გვაქვს ზოგიერთი ხარჯის რაციონალურობასთან დაკავშირებით, მაგალითად საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მიერ შეძენილი თითქმის 180 ათას ლარიანი მანქანა არის ერთ-ერთი მაგალითი“,-განაცხადა ბერაიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები