საიუბილეო გამოფენა – „საქართველოს პირველი რესპუბლიკა“ 14 ივნისამდე გასტანს
საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილეს აღსანიშნავად, იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში დამთვალიერებელი საქართველოს პირველი დემოკრატიული სახელმწიფოს დამფუძნებელი დოკუმენტების დედნებს იხილავს.
როგორც „კვირას“ ეროვნული არქივიდან აცნობეს, გამოფენაზე წარმოდგენილია 1918-1921 წლების საქართველოს ისტორიის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტები, მათ შორისაა: 1918 წლის 26 მაისის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აქტის დედანი; 1919 წლის 12 მარტს, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების პირველ სხდომაზე ხელმოწერილი დამოუკიდებლობის აქტის დედანი, რომლითაც დადასტურდა 1918 წლის 26 მაისს გამოცხადებული დამოუკიდებლობა; 1921 წლის 21 თებერვალს მიღებული საქართველოს კონსტიტუცია, დადასტურებული დამფუძნებელი კრების წევრთა ხელმოწერებით, დედანი; საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გერბისა და შტანდარტის ორიგინალები; მთავრობის, ეროვნული საბჭოს, დამფუძნებელი კრებისა და სხვა სახელმწიფო სტრუქტურების მუშაობასთან დაკავშირებული საეტაპო მნიშვნელობის დოკუმენტების ორიგინალები; 1918-1921 წლების ისტორიის ამსახველი უნიკალური ფოტო და კინოდოკუმენტები.
გამოფენაზე ცალკე ადგილი ეთმობა საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და ნოე რამიშვილის შთამომავლების თანამშრომლობით საფრანგეთიდან რამდენიმე კვირის წინათ ჩამოტანილ ლევილის მამულის უკანასკნელ არქივს – ფოტოებსა და წერილობით მასალას, რაც ემიგრაციაში მყოფი საქართველოს მთავრობის მუშაობას ასახავს. პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის შესახებ დოკუმენტების ძირითადი ბაზა საქართველოს ეროვნულ არქივშია დაცული. ლევილის მამულის უკანასკნელი არქივი ამ ფონდების განუყოფელი ნაწილი გახდა.
1918-21 წლების ისტორია დამთვალიერებლისათვის წარმოდგენილია შემდეგ თემებად: პირველი რესპუბლიკის დამფუძნებელი დოკუმენტები; დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებლები; საყოველთაო არჩევნები; საგარეო ურთიერთობები; სამხედრო თემატიკა; ეკონომიკა; კულტურა და განათლება; საზოგადოებრივი ცხოვრება.
ექსპოზიციაზე გამორჩეული ადგილი უკავია იაკობ ნიკოლაძის შესრულებულ ნოე ჟორდანიას ბიუსტს (1920 წელი); საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროშას; პირველი რესპუბლიკის პერიოდის საბრძოლო იარაღებსა და მასალას; 1918-21 წლებში გამოცემულ წიგნებს, პერიოდიკას და სხვა ნივთებს.
ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონი გამოფენას 14 ივნისამდე უმასპინძლებს.