თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის დელეგაცია ესტუმრება
31 მაისიდან 3 ივნისის ჩათვლით, თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი წელს მეოცედ გაიმართება.
როგორც „კვირას“ საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციიდან აცნობეს, თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის ფოკუს-ქვეყანა გერმანიაა. ფესტივალის ისტორიაში პირველად მონაწილეობს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა, რომელიც ჩვენს ქვეყანას მრავალრიცხოვანი დელეგაციით ესტუმრება და ფესტივალზე საკუთარ სტენდსაც წარმოადგენს.
ფესტივალი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ორგანიზატორებს, გერმანელ გამომცემლებსა და სამ თანამედროვე ავტორს – ულა ლენცეს, ოლგა გრიაზნოვას და კატია პეტროვსკაიას უმასპინძლებს, რომლებიც ფესტივალის ფარგლებში გამართავენ ღონისძიებებს და შეხვდებიან მკითხველებს.
ფესტივალის ოფიციალურ გახსნას ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პრეზიდენტი იურგენ ბოსი დაესწრება. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით წელს ფესტივალი „ექსპო ჯორჯიას“ ორ (მე-11 და მე-6) პავილიონს მოიცავს. მე-6 პავილიონი უმასპინძლებს პატარა მკითხველებს, რომლებსაც საშუალება ექნებათ, ერთ სივრცეში დაათვალიერონ და შეიძინონ საბავშვო წიგნები, ასევე დაესწრონ მათთვის განკუთვნილ ღონისძიებებს და ეწვიონ მათ გასართობად საგანგებოდ მოწყობილ კუთხეს.
მე-11 პავილიონში კი წიგნის მოყვარულებისთვის სრულად იქნება წარმოდგენილი საგამომცემლო სექტორი და სხვადასხვა ორგანიზაცია.
ფესტივალი დამთვალიერებლებს 11:00 საათიდან 20:00 საათამდე მიიღებს.
თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის ოფიციალური გახსნის ცერემონია 31 მაისს, 13:00 საათზე, მე-11 პავილიონის მთავარ სცენაზე გაიმართება.
საქართველოში ჩამოვლენ და მკითხველებთან შეხვედრებს გამართავენ ცნობილი თანამედროვე რუსი მწერალი და დრამატურგი ვლადიმირ სოროკინი, ნორვეგიელი მწერალი, ჟურნალისტი, დიდი ნორვეგიული გამომცემლობის „კაპელენ დამ“ რედაქტორი ბერნარ ლ. მორი და გერმანიაში აღიარებული ქართველი მწერალი, დრამატურგი და თეატრის რეჟისორი, ნინო ხარატიშვილი. საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია და “გამომცემლობა პალიტრა L” (Palitra L Publishing) ქართველ წიგნის მოყვარულებს, განსაკუთრებით კი მოზარდებს სიურპრიზსაც უმზადებს, ფესტივალს საპატიო სტუმრის სტატუსით „გიკი გოგოს“ ავტორი ჰოლი სმეილი ეწვევა.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი წელს კიდევ ერთი სიახლით წარდგება დამთვალიერებლის წინაშე. სამი დღის განმავლობაში (1, 2 და 3 ივნისს) მე-11 პავილიონში წიგნის მოყვარულებს კინოსა და თეატრის 23 ქართველი მსახიობი უმასპინძლებს, წარადგენს წიგნებს და გამართავს საჯარო კითხვას.