ეკონომიკის სამინისტროში ციფრული მაუწყებლობის სააგენტო შეიქმნება
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში ციფრული მაუწყებლობის სააგენტო იქმნება. სააგენტოს შექმნა მიწისზედა მაუწყებლობიდან ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის სამუშაოების კოორდინირებულად წარმართვას ისახავს მიზნად. ციფრული მაუწყებლობის სააგენტოს საქმიანობის ძირითადი მიმართულებები იქნება, კომპეტენციის ფარგლებში ელექტრონული კომუნიკაციების და მაუწყებლობის სფეროებში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება; შეზღუდული ბუნებრივი რესურსის – რადიოსიხშირეების მაღალეფექტურად გამოყენებით შემჭიდროვებულ ვადებში ქვეყნის საეთერო ტელემაუწყებლობის ქსელების ციფრული ტექნიკით და ტექნოლოგიებით მოდერნიზაციის, საზოგადოებრივი მაუწყებლის და მიმდინარე პერიოდში მოქმედი მიწისზედა საეთერო მაუწყებლობის კომპანიების ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის ხელშეწყობა; ქვეყნის მოსახლეობისთვის დადგენილი ხარისხის მრავალარხიანი მიწისზედა საეთერო მაუწყებლობით უზრუნველყოფის და საყოველთაოდ ხელმისაწვდომი სავალდებულო უფასო სატელევიზიო არხების გარანტირებულად გავრცელების ხელშეწყობა; საეთერო მაუწყებლობაში ვაკუუმის არდაშვების მიზნით ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესში მოსახლეობის ციფრული ინდივიდუალური მიმღებებით უზრუნველყოფის, ხოლო სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის ციფრული მიმღებებით უფასოდ აღჭურვის ღონისძიებების განხორციელება; ციფრულ აუწყებლობაზე გადასვლის საინფორმაციო კამპანიის დაგეგმვა და წარმართვის კოორდინაცია. ციფრული მაუწყებლობის სააგენტოს ბიუჯეტი 20 მილიონი ლარია, რაც ეკონომიკის სამინისტროს ასიგნებების ფარგლებში დაფინანსდება. სააგენტო 2015 წლის ბოლომდე იმუშავებს. ევროპაში და მათ შორის საქართველოში, ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა 2015 წელს უნდა დასრულდეს. ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლას ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის და ევროკავშირის შესაბამისი აქტები ითვალისწინებს.