გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები თბილისში, თელავსა და ფოთში წარმოადგინა

„ყველას ვულოცავ დღევანდელი დღეს, 100 წლის იუბილეს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან. ჩვენთვის ძალიან საამაყო დღეა”,- ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა თბილისში, რუსთაველის გამზირზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სტენდთან განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ საქართველო დაფუძნებული იყო მოწინავე ჰუმანურ იდეებზე და ევროპულ ღირებულბებზე.
“26 მაისი არის იმ რესპუბლიკის დაარსების დღე, რომელიც დაფუძნებული იყო მოწინავე ჰუმანურ იდეებზე, ევროპულ ღირებულებებზე. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ისტორიულად ამ ღირებულებების მატარებელი ქვეყანა ვართ. დღეს საქართველო ყველაზე ახლოსაა იმ ღირებულებებთან და მიზნებთან, რომელიც 100 წლის წინ, 1918 წელს ჩვენი ქვეყნის დამფუძნებელ კრებას ჰქონდა. რაც შეეხება ჩვენი სამინისტროს წარმოდგენილ სტენდებს, მრავალფეროვანი არჩევანი გვაქვს, როგორც აგროსასურსათო პროდუქციის, ისე, იმ ფლორის სახეობების, რომელიც საქართველოშია, ის სიმდიდრე, ბიომრავალფეროვნება, რომელიც გვაქვს, ვაჩვენოთ როგორც ჩვენს მოქალაქეებს, ისე ქალაქის სტუმრებს“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავის იუბილეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ღონისძიებებით თბილისში, თელავსა და ფოთში აღნიშნავს. თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მეოცე საუკუნის დასაწყისში, „მუშტაიდის პარკში“ არსებული ბაზრობა გაცოცხლდა, სადაც თეატრალიზებული წარმოდგენა გაიმართა. თბილისის ცენტრალურ გამზირზე წარმოდგენილი იყო „ლაღიძის კაფე“, სადაც დამთვალიერებელს ძველი თბილისის საფოსტო მარკების და სუვენირების კუთხის დათვალიერების შესაძლებლობა ჰქონდა.
სამინისტროს სტენდზე წარმოდგენილი იყო სახელმწიფო პროექტების ფარგლებში დაფინანსებული აგრარული მიმართულების საწარმოებისა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მიერ წარმოებული პროდუქცია – თაფლი და თაფლის პროდუქტები, ღვინო და ყველის ნაირსახეობა, ჩაი, დეკას ჩაი, ჩურჩხელა, ბადაგი, თხილი, სუბლიმირებული ხილი, ხილის ჩირი, მოცვი, სხვადასხვა სახის კომპოტი და წვენი, ჯემებისა და მურაბების ნაირსახეობა.
სპეციალურად ამ დღისთვის, რუსთაველის გამზირზე ეროვნულმა საშენმა მეურნეობამ მწვანე კუთხე მოაწყო, სადაც ენდემური და „წითელი ნუსხის“ სახეობები იყო წარმოდგენილი.
თელავში საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში, ღვინის ფესტივალი გაიმართა,ხოლო ქალაქ ფოთში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ საქართველოს დაცული ტერიტორიების ვირტუალური რეალობის სივრცე მოეწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები