გიორგი კვირიკაშვილი: ჩვენ საკმაოდ რთული გზა გავიარეთ და ბევრი ვიბრძოლეთ თავისუფლებისთვის

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა კრინიცას ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას, საქართველოში ჩამოსულ სტუმრებს, მათ შორის, სლოვაკეთისა და პოლონეთის პრეზიდენტებს მადლობა გადაუხადა. როგორც მან სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, გუშინაც, დღესაც და ხვალაც, საქართველო, თავისი მისწრაფებებით, კულტურით, ცხოვრების წესით, აზროვნებითა და ტოლერანტობით ცივილიზებული სახელმწიფოების გვერდით დგას.
“საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს, თქვენი ჩამობრძანება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გზავნილია, რომ მხარს უჭერთ ჩვენს ქვეყანას, როგორც დამოუკიდებელ, სუვერენულ და რეფორმატორ სახელმწიფოს, რომელიც მიისწრაფვის, დაიმკვიდროს თავისი ისტორიულად კუთვნილი ადგილი დიდ ევროპულ ოჯახში.
ჩვენ საკმაოდ რთული გზა გავიარეთ და ბევრი ვიბრძოლეთ თავისუფლებისთვის, მაგრამ, როდესაც მიზანი შენი ქვეყნის თავისუფლებაა და ამაყობ მისი წარსულით, კულტურითა და ტრადიციებით, სულ სხვა ენერგიით ქმნი მომავალსაც. თქვენ იმ ქვეყნების მეთაურები ხართ, რომლებმაც თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის ფასი ძალიან კარგად იციან. ამიტომაც, საქართველოსთვის ასეთ მნიშვნელოვან დღეს, ჩვენთვის დიდი პატივია, ვუმასპინძლოთ საქართველოში და თქვენთან ერთად, გავხსნათ კრინიცას ეკონომიკური ფორუმი თბილისში, რომლის პირველ პანელს ეწოდება “ევროპა გუშინ, დღეს, ხვალ“, რაც ასევე სიმბოლური გახლავთ.
ჩვენ ვადასტურებთ, რომ გუშინაც, დღესაც და ხვალაც საქართველო, თავისი მისწრაფებებით, კულტურით, ცხოვრების წესით, აზროვნებითა და ტოლერანტობით ცივილიზებული სახელმწიფოების გვერდით დგას და მათთან ერთად ცდილობს, ფეხი აუწყოს თანამედროვე მსოფლიოს და დაძლიოს არსებული გეოპოლიტიკური გამოწვევები“, – განაცხადა
რემიერმა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველო არის გახსნილი ქვეყანა, პატარა, მაგრამ ღია, ლიბერალური ბაზრით და ის გარემო, რომელსაც ნაბიჯ-ნაბიჯ ქმნის საერთაშორისო ვაჭრობის, ახალი ეკონომიკური კავშირების, ახალი სატრანსპორტო კორიდორების თუ სხვა მნიშვნელოვანი ეკონომიკური მიმართულებების განვითარებისთვის, ქვეყნის გეოგრაფიულ მდებარეობასთან ერთად, იძლევა განსაკუთრებულ შესაძლებლობას, გავხდეთ რეგიონული ჰაბი.
პრემიერის შეფასებით, საქართველოს მიზანია, სრულად გამოიყენოს საზღვაო, სარკინიგზო, საავიაციო და სატრანსპორტო-ლოგისტიკური პოტენციალი.
“ძალიან ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს სტრატეგიული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურულ და შიდასახელმწიფოებრივი დატვირთვის პროექტებზე, რომლებიც მთელ საქართველოს მოიცავს. ამ მიმართულებით, საქართველოს მთავრობა პარტნიორ საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად, ახორციელებს არაერთ მნიშვნელოვან რეფორმას, რაც უზრუნველყოფს ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანების შესრულებას არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ ჩვენი მეგობარი ქვეყნებისთვისაც. დღევანდელი მდგომარეობით, ჩვენ უკვე გვაქვს თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულებები ევროკავშირთან, ჩინეთთან, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან, თურქეთთან, დსთ-ს ქვეყნებთან. ამავე მიმართულებით, სამუშაო რეჟიმში ვართ ინდოეთთან, ჰონგ-კონგთან და ისრაელთან, რაც საქართველოს თანდათანობით აქცევს დიდი სავაჭრო ურთიერთობების მიმზიდველ პლატფორმად. ეს მიმზიდველობა გამომდინარეობს სწორედ იმ შედეგებიდან, რომლებსაც საქართველოს მთავრობამ მიაღწია კერძო სექტორთან და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან ერთად“, – აღნიშნა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები