გამოფენა – „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა – 100“ გაიმართება
16 მაისიდან 24 ივნისამდე, გამოფენა – ,,საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა – 100“ გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, საიუბილეო თარიღს გამოფენას, ეროვნული მუზეუმი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან, კ. კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრსა და ეროვნულ არქივთან ერთად, უძღვნის.
1918 წლის 26 მაისს ქართველი ერის ხანგრძლივი ბრძოლა თავისუფლებისათვის წარმატებით დაგვირგვინდა − კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში შეიკრიბა საქართველოს ეროვნული საბჭო, რომელსაც 42 წევრი და 36 კანდიდატი ესწრებოდა. საბჭომ მიიღო საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი და შექმნა ახალი ქართული სახელმწიფო − საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა. 2018 წლის 26 მაისს სრულდება 100 წელი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენისა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნის დღიდან.
გამოფენა ,,საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა – 100“ მოგვითხრობს ქართველი ერის თავისუფლებისათვის ბრძოლის ისტორიას მე-19 საუკუნის დამდეგიდან 1991 წლის 9 აპრილამდე − როდესაც საქართველომ კიდევ ერთხელ აღიდგინა სუვერენიტეტი.
ექსპოზიციაზე იხილავთ 1918-1921 წლების ისტორიის ამსახველი მნიშვნელოვანი დოკუმენტების დედნებს, პირველი რესპუბლიკის სახელმწიფო, პოლიტიკურ და სამხედრო მოღვაწეთა მემორიალურ ნივთებს, პერიოდულ გამოცემებს და სხვა არტეფაქტებს. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 14 პოსტერი – ტექსტური, გრაფიკული და ფოტო მასალა და საარქივო დოკუმენტების ასლები, ასევე, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიასთან დაკავშირებული დოკუმენტური კადრების კოლაჟი.
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, „საფრანგეთში მყოფ ქართველ ლტოლვილთა სათვისტომოს“ ინიციატივით, 26 მაისს, 15:00 საათზე, საქართველოს ეროვნულ მუზეუმს საჩუქრად გადმოეცემა ქაქუცა ჩოლოყაშვილის ჩოხა.
გამოფენა ,,საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა – 100“ დამთვალიერებელს 26 მაისიდან უმასპინძლებს. ექსპოზიციის დათვალიერება ნებისმიერი მსურველისთვის თავისუფალია.
საქართველოს ეროვნული მუზეუმი,
მისამართი: ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი, შოთა რუსთაველის გამზ. 3.