სოფელ მაჭატიას წმინდა გიორგის ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მაჭატიას X საუკუნის ეკლესიას  კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. სტატუსი ძეგლმა  საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის 18 აპრილის ბრძანებით მიიღო.
ეკლესია დარბაზულია, სამხრეთის თანადროული მინაშენით. აგებულია X საუკუნეში გადაკეთებულია XIX საუკუნეში.
საკურთხევლის ჩრდილოეთის და სამხრეთის კედლებში თითო სწორკუთხა ნიშია. დარბაზის კამარა სამხრეთის და ჩრდილოეთის კედლებზე გაკეთებულ წყვილ პილასტრზე გადასულ თაღს ეყრდნობა.
ტაძრის მორთულობას წარმოადგენს დასავლეთის სარკმლის თავი ნახევარწრიული შუბლით, მინაშენის სამხრეთ კედელში ჩაშენებული სარკმლის თავი, რომელიც ოთხკუთხა გრეხილ ჩარჩოში ჩასმული კვარცხლბეკზე აღმართული ჯვრის რელიეფითაა გაფორმებული (მეორადი გამოყენებისაა, რადგან სარკმელი მხოლოდ ამ ქვის ჭრილია და ქვემოთ არ გრძელდება) და ამავე კედელში ჩასმული მზის საათი ქართული ასომთავრული ასოებით, რომელიც ასევე მეორადი გამოყენებით, თავდაყირაა აქ ჩასმული.
ტაძარს ჩრდილოეთიდან მიდგმული აქვს ნატეხი ქვით ნაგები ნაგებობა, რომელსაც ჩრდილოეთისკენ ნახევარწრიული შვერილი აქვს. ტაძარს დანარჩენი მხრიდან გვიან აგებული ქვის გალავანი არტყია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები