მსოფლიოს შედევრები იტალიიდან უკვე საქართველოშია – ეროვნულ გალერეაში პრესტური მოეწყობა

ლეონარდო და ვინჩის, მიქელანჯელოს, რაფაელის, ბოტიჩელის, ბრამანტინოს, ტიციანის და სხვა დიდი იტალიელი მხატვრების ნამუშევრები უკვე საქართველოშია.
საქართველოს ეროვნული მუზეუმის ინფორმაციით, 24 მაისს, 17:30 საათზე, ეროვნულ გალერეაში, სპეციალურად ჟურნალისტებისათვის მოეწყობა პრესტური, რომელსაც გაუძღვებიან: იტალიის ელჩი საქართველოში ანტონიო ენრიკო ბარტოლი, ტურინის სამეფო ბიბლიოთეკის დირექტორი ჯოვანი საკანი, კულტურული ასოციაცია „მეტამორფოზის“ დირექტორი ვიტორიო ფაუსტინი, გარუცოს ვიზუალური ხელოვნების ინსტიტუტის (IGAV) დირექტორი ოლივია ფორტინი და საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორი დავით ლორთქიფანიძე.
24 მაისს, 19:00 საათზე,  გამოფენა  დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გაიხსნება.

• „ტიციანი – ფერთა ოსტატი: ღვთისმშობელი ყრმით“ – ნამუშევარი ,,მადონა ალბერტინი” ტიციანის ფერწერის განუმეორებელი სტილისა და ტექნიკის უბადლო ნიმუშია. სურათი დაცულია ვენეციის აკადემიის გალერეაში, სადაც ვენეციური ხელოვნების უმდიდრესი კოლექცია ინახება.

• „რენესანსის დიდოსტატები. გრაფიკული ნამუშევრები“ – ტურინის სამეფო ბიბლიოთეკის კუთვნილი 45 გრაფიკული ნამუშევრის გამოფენა. ავტორებს შორის არიან რენესანსის ოსტატები – ლეონარდო და ვინჩი, მიქელანჯელო, რაფაელი, ბოტიჩელი, ბრამანტინო, სინიორელი, ვაზარი, პინტურიკიო და სხვები.

• „Evidence. A New State of Art” – გარუცოს ვიზუალური ხელოვნების ინსტიტუტის (IGAV) გამოფენა, რომელიც წარმოგვიდგენს თანამედროვე იტალიურ ხელოვნებას გასული საუკუნის ორმოცდაათიანი წლებიდან დღემდე და აერთიანებს სხვადასხვა თაობის იტალიელი მხატვრების განსხვავებულ ხედვებსა და განსხვავებული გამომსახველობითი ენით შექმნილ ნამუშევრებს. გამოფენაზე წარმოდგენილი 18 იტალიელი მხატვრის ნამუშევრები სხვადასხვა მედიაში – ნახატი, ქანდაკება, ფოტოგრაფია, ვიდეო და ინსტალაცია, თანამედროვე იტალიური ხელოვნების ჭრელი და მრავალსახოვანი სამყაროს სურათს ქმნის.
გამოფენა ეძღვნება საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს.
აღნიშნული გამოფენები იტალიის საელჩოსა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის მჭიდრო თანამშრომლობის შედეგია. ამ ინიციატივას მხარს უჭერს: იტალიური მხრიდან – იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტრო და პროგრამა “VivereALL’italiana”, ქართული მხრიდან – კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, საქართველოს მთავრობის პროექტი Check-in-Georgia. გამოფენების მხარდამჭერები არიან: DBA, Salini Impregilo, ვითიბი ბანკი, Leonardo, Gulf, Anas.
მისამართი: დ. შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, შ. რუსთაველის გამზ. 11.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები