თბილისის სატრანსპორტო კომპანია: მემანქანეები მოლაპარაკებაზე არ მოდიან

მეტროს მემანქანეების პროტესტთან დაკავშირებით თბილისის სატრანსპორტო კომპანიის იურიდიული სამსახურის უფროსი აცხადებს, რომ მემანქანეები მოლაპარაკებებზე არ მიდიან, ამიტომ სასამართლომ მიიღო სწორი გადაწყვეტილება, რომ ქალაქში მიმოსვლა ეჭვქვეშ არ დამდგარიყო.
„მეტროს გაჩერება გამოიწვევს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ობიექტების მუშაობის შეფერხებას – მაგალითად, როგორიცაა სასწრაფოს და სახანძროს გადაადგილება, მიმოსვლის უსაფრთხოება დადგება ეჭვქვეშ. სხვა ბერკეტი არ გაქვს გარდა იმისა, რომ მივმართოთ სასამართლოს და კანონის ფარგლებში დავიცვათ ჩვენი უფლებები. მხარე, ამ ეტაპზე, შემათანხმებელ პროცედურებში მონაწილეობაზე უარს აცხადებს. ჩვენ მათ შევთავაზეთ კომისიური წესით მოლაპარაკება, თუმცა მათ აზრს მოკლებულად მიიჩნიეს კომისიის შემუშავება და მათ მიერ ხელფასის 45 % მომატების საკითხთან დაკავშირებით მსჯელობა“, – განაცხადა გიორგი გოგაძემ.
თბილისის მეტროს მემანქანეებს და შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიას“ შორის კოლექტიური შრომითი დავა რამდენიმე თვეა მიმდინარეობს, რომლის ფარგლებში მიმდინარე მოლაპარაკებების წარუმატებლობის გამო, მეტროს თანამშრომლებმა 2018 წლის 3 მაისს გაფიცვა დააანონსეს, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 30 დღის ვადით 2018 წლის 3 ივნისამდე გადაიდო.
2018 წლის 21 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ, ამჯერად განუსაზღვრელი ვადით შეზღუდა პროფესიულ გაერთიანების წევრი მეტროს მემანქანეების გაფიცვაში მონაწილეობის მიღების უფლება „სამუშაო საათების განმავლობაში“.
თბილისის მეტროპოლიტენის მემანქანეები საათობრივი ანაზღაურების გაზრდას 2 აპრილიდან ითხოვენ. თბილისის მერმა არაერთხელ განაცხადა, რომ მეტროპოლიტენის მემანქანეებს ხელფასს არ გაუზრდის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები