„წერილები ფრონტიდან“ – „22 ივნისს ღამის სამ საათზედ მოულოდნელად გადმოიჭრნენ საზღვარზედ ეს ძაღლები და გააჩაღეს ცეცხლი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზედ“

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმი მეორე მსოფლიო ომის დროს ფრონტიდან გამოგზავნილ სამკუთხა ბარათების სერიას კვლავ აგრძელებს და რამდენიმე წერილს ავრცელებს.

“წერილები ფრონტიდან” – 1945 წლის 30 იანვარი – ალექსანდრე სანდრო შავერდაშვილი:

“ნეტავი შენა წერილო

​.. და მიეჩქარები

​… თვალით მანახა 

საცა შენ დაიარები”

სანდრო შავერდაშვილი უგზო-უკვლოდ დაკარგულად 1945 წლის ივნისიდან ითვლება.  დაიკარგა 21 წლის ასაკში  სავარაუდოდ, ავსტრია-ჩეხოსლოვაკიის ტერიტორიაზე. ოჯახის ფრონტიდან გამოგზავნილი წერილების გარდა ალექსანდრესაგან სამახსოვროდ არაფერი შემორჩა.

“უპირველეს ყოვლის გისურვებთ კარგად ყოფნას, დიდხანს სიცოცხლეს, ცხოვრებაში წინსვლას და გისურვებთ იმ მიზნების განხორციელებას რომელი მიზნებიც თქვენს გულს აწუხებდეს.

ახლა თუ ჩემს ამბავსაც იკითხავთ, მეც კარგად ვარ, არაფერი მიჭირს თქვენი უნახველობის მეტი. თქვენიდან რომ წერილი მოდიოდეს ხშირად და ვიგებდე თქვენს და მანდაურ ამბებს იმის მეტი არაფერი მინოდა, მაგრამ წერილი თქვენი ძლიერ იგვიანებს. თვეში ერთხელ მომდის მეტით არ მოდის. ამჟამად ვიმყოფები ქალაქი ბ. აქედან მე გამოგიგზავნეთ რამდენიმე წერილი. იმათ შორის ორ წერილში ჩემი და ჩემი ამხანაგის იყო და გთხოვთ როგორც კი მიიღოთ სურათი, წერილი გამომიგზავნეთ და შემატყობინეთ თუ რამდენი სურათი მიიღეთ. მე გამოვაგზავნე 2 ცალი. ჩემთან ერთად სურათში ქართველი არაა არცერთი. რუსები არიან, ჩემთან ერთად სკამზე რომ ზის ის ლეიტენანტი … მეთაური …

… მე ჩემს ცხოვრებას მივეჩვიე და არც ისე ძლიერ ვწუხდები. ცოტა იმაზე ვარ შეწუხებული, რომ წერილები თქვენგან ხშირად არ მოდის. მე კი ყოველ დღე წერილებს გწერთ თქვენ შეიძლება ელოდეთ იმ დროს სანამ ქალაქში არ წახვალთ, მაგრამ ეს სულ ტყვილია, თქვენი ფოსტიდანაც შეიძლება წერილების გამოგზავნა. ამით თქვენ თავს ვერ გაიმართლებთ, რომ მარტო ქალაქიდან შეიძლება წერილების გამოგზავნა…”(სტილი დაცულია)- აღნიშნული წერილი წერილი ვეტერანების სამსახურს ალექსანდრე სანდრო შავერდაშვილის ოჯახის ახლობელმა დავით მჭედლიძემ მიაწოდა.

ჭიღლაძე გიორგი ონისიმეს ძე – საჩხერის რაიონი, სოფელი სარეკი

გიორგი ჭიღლაძე დაიბადა 1914 წელს. იყო დაწყებითი კლასების მასწავლებელი. სავალდებულო სამხედრო სამსახურს იხდიდა ბელორუსიაში, საზღვართან ახლოს. მეორე მსოფლიო ომმა მოუსწრო ამ დროს. ომის დაწყებისთანავე დაიჭრა, თუმცა, ფრონტი არ მიუტოვებია და ბრძოლა განაგრძო.

ბოლო წერილი მისგან ოჯახმა მიიღო 1943 წელს…  მიიჩნევა უგზო-უკვლოდ დაკარგულად. მან საქართველოში დატოვა ცოლი, ქსენია ბერიშვილი და 2 კვირის ვაჟი, იოსები.

სალამი ძვირფასო მშობლებო და ცოლ-შვილო!

როგორი წერილი მოგწეროთ იმის შემდეგ, რაც გერმანიასა და საბჭოთა კავშირს შორის ომი დაიწყო. ვერ მომიფიქრებია, მაგრამ გწერთ ჩემს ფიქრებს და შემდეგ 22 ივნისს, რომელ ღამის სამ საათზედ მოულოდნელად გადმოიჭრნენ საზღვარზედ ეს ძაღლები და გააჩაღეს ცეცხლი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზედ. რა თქმა უნდა, ჩვენი ჯარი ერთიანი ძალით შევუდექით საქმეს, მაგრამ რას ხედავს თვალები, როგორც ცხვრები, ისე გამოგვრეკეს.. მზვერავიც გაუწყვეტია, მესაზღვრეებიც, ამ შავ ძაღლებს. ჩვენ საზღვარზედ ახლოს ვიყავით, რაღაც 40 კილომეტრით ვიქნებოდით დაშორებული, მაგრამ ნაწილი ჩვენი წასული იყვნენ საზღვარზედ სამუშაოდ და მთლად გაუნადგურებიათ ამ სისხლისმსმელ მგლებს მთელი ბატალიონი. მოედვენ ჯაშუშები, მოედვენ მგლები ლიტვას, მოვედევით ფრონტს ჩვენც. ჩაყლაპას გვიპირებდა მათი სამალიოტები. მოვედევით ქალაქს, მაგრამ შემოპარულად შიგნით გრაჟდანები, ხელს უწყობენ მათ აქედანაც ისვრიან ტყვიას, იქიდანაც. აქედანაც სამალიოტები ბომბებს ყრის ზევიდან. არი გაჩენილი ცეცხლი, გაუდის გრიალი, წყდება ხალხი სულ მოფენილია ქუჩა და ტყე. ჩემ წინ ამოსდით სული ჩემ ქართველ ამხანაგებს. მიკვდება გული,მაგრამ რა უშველო, ვიმაგრებ გულს. ცეცხლის ბოლში ვარ გახვეული, ვიმალამ თავს, რომ როგორმე თავი გადვირჩინო. პეპეტეა სასროლი, რომელშიდაც 71 პატრონა ჩადის შიგ ”კუნტში” გადის ეს პატრონა მთლად. მოკლედ ეს სასროლი იარაღი მაქვს, პატრონა მაქვს უამრავი დანარჩენი ვეში ყველაფერი გადავყარე. ხან ერთ სახლს მიუდგამ და ხან მეორე სახლს….. ერთი ბიჭია ქართველი, ქუთაისელი. დაწყებული სახლიდან წამოსული ერთად ვიყავი დაჭრილი კიდაი არავარ თვითონ გოროდ კამუნაში ბევრი ვირბინე, ბევრი ვიხტუნე იმისათვის, რომ თავი დამეცვა, თორემ ვისაც ხელში ჩაიგდებდნენ, მაშინათვე კლამდნენ ან ამახინჯებდნენ. თვალებს კუჭდენ, ენას ჭრიდენ ყურებს, ცხვირს და რა ვიცი. მეორე დღეს ისევ ფრონტზედ. ეს ქუთაისელი ბიჭი სხვა ბატალიონს შეუერთდით. წავედით წინ. დედამიწას იღებს ტყვია… ხოხამთ… გავიხედე შუაში ვარ. აღარავინ მიდის წინ. თურმე ჯარი გაწყვეტილა, დავრჩენილვართ ათი კაცი. ამ დროს მომხვდა ტყვია ხელში, გავმაგრდი მაინც. აბა, ხუციძე, თავს უშველოთ, ათი კაცი ვართ კიდე-თქო. მოკითხვა დედას, მამას, სოსოს… 8/VII 41 წელი“. (სტილი დაცულია)

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური მიმართავს ყველას, ვის ოჯახშიც დღემდე შემორჩა ფრონტის წინა ხაზიდან გამოგზავნილი წერილები, ბარათები, რომლებშიც აღწერილია ომის ამბები, ასევე,მისალოცები და ფოტოები.

„ეს წერილები,თუ ბარათები ყველაზე ნათლად გადმოსცემს ჯარისკაცის ემოციებს, ომში განცდილ ტკივილს, თუ სიხარულს, ოჯახის, საყვარელი ადამიანების მონატრებასა თუ თანამებრძოლების ცხოვრებას ფრონტის წინა ხაზზე.

მივიღებთ, როგორც ამ წერილებისა თუ ბარათების დედნებს, ასევე ასლებს მათი ავტორების ფოტოებთან ერთად. ვგეგმავთ, რომ შეგროვებული მასალა ერთ წიგნად გამოვცეთ სახელწოდებით: ” წერილები ფრონტიდან”. ასევე, სურვილი გვაქვს, ეს წერილები წარმოდგენილი იყოს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში მოწყობილ მუდმივმოქმედ ფოტო გამოფენაზე. დამატებითი ინფორმაციისთვის, დაგვიკავშირდით სამსახურის ცხელ ხაზზე: 248 26 16“,- აცხადებენ ვეტერანების სახელმწიფო სამსახურში.

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები