თარგმანის კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართება
25 მაისს, 19 საათზე, „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის“ ვერანდაზე ახალგაზრდა მთარგმნელების კონკურსის გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, პროექტ „ლიტოდისეის“ ფარგლებში პირველად ჩატარდა კონკურსი ახალგაზრდა მთარგმნელებისათვის. კონკურსში იმაზე ბევრად მეტმა ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა, ვიდრე ორგანიზატორებს წარმოედგინათ. კონკურსის მეორე ტურისთვის „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის“ რედაქციის წევრებისაგან შედგენილმა ჟიურიმ შეარჩია 20 მონაწილე, რომლებმაც თარგმნეს ჟიურის მიერ შერჩეული ტექსტები.
ჟიურიმ უკვე გამოავლინა სამი გამარჯვებული, რომელთა ვინაობაც დაჯილდოებაზე გახდება ცნობილი.
სანამ გამარჯვებულები დასახელდებიან, მთარგმნელი ხათუნა ცხადაძე სიტყვით მიმართავს დამწყებ მთარგმნელებს და მოუთხრობს მათ მხატვრული ტექსტის თარგმანის სპეციფიკაზე. სწორედ ის გადასცემს გამარჯვებულებს პრიზებს.