კახა კუჭავა “საქართველო – 2023”-ზე: მეტი ტურისტი, გაზრდილი ცნობადობა და ეკონომიკის ზრდა
„მეტი ტურისტი, საქართველოს გაზრდილი ცნობადობა და ქვეყნის ეკონომიკის კიდევ უფრო ზრდა”, – ასე ეხმაურება 2023 წელს საქართველოში თხილამურსა და სნოუბორდში მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარებას გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე კახა კუჭავა.
მისი თქმით, სათხილამურო და სნოუბორდის მსოფლიოს ყველა სპორტსმენი და გულშემატკივარი, რომელთა რიცხვი ძალიან დიდია, საქართველო – 2023-ის მოლოდინშია.
„ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ვიზიტორთა ზრდა უკვე შესამჩნევი იქნება მომავალი წლიდან, რადგანაც ყველა ქვეყნის წარმომადგენელი, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის პოტენციური მონაწილე იქნება, უკვე ესტუმრება გუდაურსა და ბაკურიანს“,-აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.
როგორც დეპუტატმა განაცხადა, საქართველოში სპორტის ამ სახეობების პოპულარიზაცია დიდი ხანია მიმდინარეობს. მისივე თქმით, მთავრობისა და მთის კურორტების განვითარების კომპანიის მიერ განხორციელებულმა მასშტაბურმა ინფრასტრუქტურულმა პროექტებმა შედეგი გამოიღო.
“მოხარულები ვართ, რომ ასეთი მნიშვნელოვანი სპორტული მოვლენა, მსოფლიოს პირველობა, საქართველოში ჩატარდება”, – აცხადებს კუჭავა.