“თუკი მომხმარებელს არ ექნება უსაფრთხოების შეგრძნება, ის იქნება არამგრძნობიარე თუნდაც ყველაზე კეთილგანწყობილი აქტივობის მიმართ სახელმწიფოს მხრიდან”

საქართველოს ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის კომუნიკაციების ხელმძღვანელი გიორგი კალატოზიშვილი „კვირას” პრეს-კლუბში საუბრისას, მათ მიერ ინიცირებული ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციის კანონპროექტზე საუბრობს.

“კანონპროექტი, რომელიც ჩვენმა ორგანიზაციამ შეიმუშავა და რომელიც ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციას გულისხმობს, 40-მდე არასამთავრობო ორგანიზაციის, ნარკოლოგების და სხვადასხვა თემები პროდუქტია.

კანონპროექტი გულისხმობს ჰუმანურ დამოკიდებულებას იმ ადამიანების მიმართ, ვინც არ არის შემჩნეული ნარკოტიკების უკანონო ბრუნვაში, იგი ასევე გულისხმობს ნარკომომხმარებელთათვის გარკვეული სერვისების შეთავასებას, რათა ქვეყანაში რეალურად შემცირდეს ნარკოტიკების მოხმარება.

არსებული კანონით, ნულოვანი ტოლერანტობის მიუხედავად, ჩვენ გვაქვს მზარდი ტენდენცია, დაპატიმრების შემდეგ, ნარკომანთა 89% მაშინვე უბრუნდება ძველი ცხოვრების წესს, ხოლო 11% ერთი წლის განმავლობაში. არსებული კანონმდებლობით და სტატისტიკით, სრულ კატასტროფას მივიღებთ 10 წელიწადში. ჩვენი კანონპროექტი გულისხმობს პრობლემისადმი კომპლექსურ მიდგომას, მომხმარებელი თავისუფლდება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან, ამავდროულად, მას უწესდება მთელი რიგი ადმინისტრაციული აკრძალვები, როგორიცაა მართვის მოწმობით სარგებლობა, ქვეყნის დატოვება, პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა, ფულადი ჯარიმები და სხვა რიგ სადამსჯელო და პრევენციული ღონისძიებები. ჩვენი კანონპროექტი ასევე გულისხმობს მოქმედ კანონმდებლობაში არსებული ხარვეზების აღმოფხვრას, მაგალითად ისეთის, როგორიცაა მცირე რაოდენობით ნარკოტიკების გასაღება, რაც არ ისჯება არც სისხლის სამართლის და არც ადმინისტრაციული წესით. ჩვენი კანონპროეტის მიხედვით, ნებისმიერი სახის და რაოდენობის ნარკოტიკი დაექვემდებარება კონფისკაციას, ნებისმიერი მომხმარებელი გაივლის კომისიას, რათა დადგინდეს ეს არის წამალდამოკიდებული თუ ეპიზოტური მომხმარებელი, მხოლოდ ამის შემდეგ შეირჩევა მისდამი მიდგომა ან მკურნალობის შეთავაზება, ან პრევენციის მიზნით მისთვის ინფორმაციის მიწოდება ნარკოდამოკიდებულების შესახებ. პორტუგალიის მოდელი ანუ ალტერნატიული კომისია, რომელმაც ეს პრობლემა გარკვეულწილად ჩამოაცილა სამართალდამცავებს და ჯანდაცვის სფეროში გადაიტანა, დაგვანახა თუ რამდენად ეფექტურად მუშაობს იქ ეს მოდელი. ჩვენმა კანონპროექტმა გაიარა რამდენიმე განხილვა, რის შემდეგაც უნდა წარდგენილიყო პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში, მაგრამ ეს პროცესი შეჩერდა რიგი მიზეზების გამო და საქართველოს შსს-ს მიერ შემუშავდა ალტერნატიული პროექტი, რომლის ამოქმედების შემთხვევაშიც საქართველო ბოლომდე ვერ მიიღებს იმ დადებით შედეგებს, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ამ კანონპროექტის მიხედვით კვლავ ძალაში რჩება (იკლებს რამდენიმე წლით), რაც საგანგაშოა, რადგან თუკი მომხმარებელს არ ექნება ნდობისა და უსაფრთხოების შეგრძნება ის იქნება არამგრძნობიარე, ნებისმიერი, თუნდაც ყველაზე კეთილგანწყობილი აქტივობის მიმართ სახელმწიფოს მხრიდან”, – განაცხადა კალატოზიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები