ლევან კობერიძე: საკრედიტო-საგარანტიო ფონდი რაც შეიძლება სწრაფად უნდა ავამოქმედოთ

„საკრედიტო-საგარანტიო ფონდი რაც შეიძლება სწრაფად უნდა ავამოქმედოთ, რადგან ეს არის ის გზა, რომლითაც უნდა მივაღწიოთ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებასა და დასაქმების ზრდას“, – ამის შესახებ პარლამენტის  დღევანდელ სხდომაზე უმრავლესობის წევრმა ლევან კობერიძემ განაცხადა.

კობერიძის თქმით,  ამ სეგმენტის სტიმულირების მიზნით, პირველი ვიცე-პრემიერის, დიმიტრი ქუმსიშვილის ინიციატივით, მიღებულია გადაწყვეტილება, შეიქმნას საკრედიტო-საგარანტიო ფონდი. მისივე განცხადებით, პირველი სამუშაო შეხვედრა უკვე გაიმართა, სადაც პარლამენტის წევრები, ეკონომიკის სამინისტრო, ეროვნული ბანკი, ბიზნესსექტორი და უცხოელი კოლეგები მონაწილეობდნენ.

„ჩვენ გავიზიარეთ ძალიან საინტერესო მექანიზმი. საკრედიტო-საგარანტიო ფონდი იქნება მასტიმულირებელი და მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ფინანსურ რესურსზე ხელმისაწვდომობის გამარტივების მექანიზმი. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც გააჩნია მცირე და საშუალო ბიზნესს”, – განაცხადა ლევან კობერიძემ.

მისი თქმით, ჩატარებული კვლევების მიხედვით, 5 უმთავრეს პრობლემას შორის მცირე და საშუალო ბიზნესისთვის დასახელებულია ბანკების მხრიდან ძალიან მაღალი მოთხოვნა იპოთეკა-გირაოზე, მაღალი საპროცენტო განაკვეთები, ბიუროკრატია. მისივე თქმით, გლობალური ინდექსის გათვალისწინებითაც, ფინანსურ რესურსზე ხელმისაწვდომობა არის ყველაზე დიდი პრობლემა.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა,  ფონდში 1/3-ით სახელმწიფო, 1/3-ით კერძო სექტორი, 1/3-ით კი ევროპული საფინანსო სტრუქტურები იქნებიან წარმოდგენილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები