წყალტუბოს რაიონში სასოფლო-სამეურნეო პროექტებს გაეცნენ

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორი რევაზ ასათიანი წყალტუბოში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს და ფერმერებს შეხვდა. შეხვედრის მონაწილეებს რევაზ ასათიანმა „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. ფერმერები განსაკუთრებით სასათბურე კლასტერის პროექტით დაინტერესდნენ, რომლის განხორციელებაც 2018 წლის მეორე ნახევრიდან იგეგმება და რომელიც სახელმწიფოს მხარდაჭერით, იმერეთის რეგიონში აგროზონის შექმნას ითვალისწინებს.
პროექტი მიზნად ისახავს სასათბურე მწვანილისა და ბოსტნეულის საექსპორტო პოტენციალის მაქსიმალური გამოყენების სტიმულირებას და ტრადიციული საექსპორტო დარგებისათვის ახალ ბაზრებზე წვდომის ხელშეწყობას.
როგორც სააგენტოს დირექტორმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოს დახმარებით, არაერთი სასოფლო-სამეურნეო პროექტი ხორციელდება, რომელთა საშუალებითაც უკვე ათასობით ფერმერმა ისარგებლა და ეს ციფრი სულ უფრო მზარდია. შეხვედრის შემდგომ, სააგენტოს დირექტორმა „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში დაფინანსებული სასათბურე მეურნეობები და სასათბურე კლასტერის მშენებლობისთვის განკუთვნილი ტერიტორია დაათვალიერა.
სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო „აწარმოე საქართველოში – ბიზნესის” ფარგლებში ახორციელებს „ერთიან აგროპროექტს“, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები