“ვარდების რევოლუციის” მოედნისთვის ახალი სახელის მინიჭების ინიციატივას, პოლიტიკური კონტექსტი არ აქვს”

“თბილისის საკრებულო გამოდის ინიციატივით, რომ “ვარდების რევოლუციის” მოედანს “პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის” მოედანი ეწოდოს. მოგეხსენებათ, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში 26 მაისი მნიშვნელოვანი თარიღია. სწორედ ამიტომ, სახელმწიფო ჩვენი პირველი დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 100 წლის იუბილეს აღნიშნავს”,-ამის შესახებ დედაქალაქის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ, თინათინ ნიბლოშვილმა მედიაჰოლდინგ “კვირის” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე “ვარდების რევოლუციის” მოედნისთვის “პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის” სახელის მინიჭების ინიციატივაზე საუბრისას განაცხადა.
როგორც მან ოპონენტების მხრიდან წამოსული კრიტიკის საპასუხოდ განაცხადა, აღნიშნულ ინიციატივას ერთადერთი არგუმენტი აქვს, რომ დედაქალაქის ისტორიულ უბანში უნდა არსებობდეს ისეთი მოედანი, რომელიც მნიშვნელოვანი პერიოდის 1918-21 წლების სახელობის მოედანი იქნება. მისივე თქმით, ამ საკითხს პოლიტიკურ ნაწილთან არანაირი კავშირი არ აქვს.
“ოპონენტების საპასუხოდ ერთადერთი არგუმენტი ამ გადაწყვეტილებისა რაც შეიძლება იყოს ესაა ასი წლის იუბილე დამოუკიდებლობის დღიდან. ხოლო ის კითხვა, თუ რატომ მაინდამაინც “ვარდების მოედანი”, იმიტომ, რომ ეს არის ცენტრალურ ნაწილში და ვფიქრობ, რომ 1918-21 წლები ის მნიშვნელოვანი პერიოდია, რომლის სახელობის მოედანიც აუცილებლად უნდა გვქონდეს თბილისში. სწორედ ამიტომ, საკრებულოს უმრავლესობის ინიციატივაა, რომ ქალაქის ცენტრალურ ნაწილში ერთ-ერთ მთავარ მოედანს ამ მნიშვნელოვანი თარიღის სახელი დავარქვათ. პოლიტიკურ კონტექსტში ამ საკითხს არ განვიხილავთ, თუმცა გასაგებია მათი მოსაზრებებიც. ამ მოსაზრებასთან დაკავშირებით, საკრებულოში დადებითი განწყობაა, მაგრამ როდესაც საკითხი საკრებულოში გამოვა, სხდომაზე ვნახავთ საბოლოო გადაწყვეტილებასაც”,- განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.
მისივე ინფორმაციით, აღნიშნული საკითხი საკრებულოს ვებ-გვერდზე 20 დღის განმავლობაში იქნება განთავსებული, შემდეგ კი საჯარო განხილვები გაიმართება, სადაც ნებისმიერ მოქალაქეს დასწრება და აზრის დაფიქსირება შეეძლება.
“აღნიშნული საკითხი საკრებულოს ვებ-გვერდზე 20 დღის განმავლობაში იქნება განთავსებული. ვადის გასვლის შემდეგ, აღნიშნული ინიციატივები მომზადდება საკრებულოს სხდომისთვის, რომელიც დაახლოებით მაისის მეორე ნახევარში გაიმართება.
საჯარო განხილვა კი, რომელიც საკრებულოში მოეწყობა, ღია იქნება, ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლება დაესწროს და აზრი დააფიქსიროს, ესაა სტანდარტული პროცედურა, როდესაც საქმე ეხება ნებისმიერი ისტორიული ობიექტის სახელდებას”,-აღნიშნა სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე.
მან იმ ქუჩებზე სახელების შეცვლის საკითხზეც ისაუბრა, რომლებსაც საბჭოთა ოკუპაციასთან ასოცირებული სხვადასხვა პიროვნებების სახელები ჰქვია. როგორც მან განმარტა, დასაწყისისთვის ასეთი 15 ქუჩა აღმოჩნდა, რომლებიც დამოუკიდებლობის დეკლარაციაზე ხელმომწერ პირთა სახელებით შეიცვლება.
“გარდა ამისა, საკრებულოს სახელდების და სიმბოლიკის კომისიამ იმსჯელა, იმ ქუჩების სახელის შეცვლაზე, რომელსაც მინიჭებული აქვს საბჭოთა ოკუპაციასთან ასოცირებული სხვადასხვა პიროვნების სახელები და შეიცვალოს დამოუკიდებლობის დეკლარაციაზე ხელმომწერ პირთა სახელებით. დასაწყისისთვის ასეთი 15 ქუჩა აღმოჩნდა, თუმცა ამ საკითხზე მუშაობა კვლავაც გაგრძელდება. სახელდების და სიმბოლიკის კომისია გვავალდებულებს, რომ იმ პიროვნების სახელები არ არსებობდეს ქალაქში, რომლებიც ასოცირებულია საბჭოთა ოკუპაციასთან”,-განაცხადა დედაქალაქის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ, თინათინ ნიბლოშვილმა მედიაჰოლდინგ “კვირის” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები