მამუკა მდინარაძე: გივი ჭიჭინაძეს მმართველი გუნდის მხრიდან უდიდესი მხარდაჭერა აქვს

„ხედავთ, რომ არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიდის, ყველა ამომრჩეველს აქვს საშუალება, რომ თავისუფლად დააფიქსიროს საკუთარი აზრი. ასე ხდებოდა ზუსტად წინასაარჩევნო პერიოდშიც”,- ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ვანსა და ხონში მიმდინარე შუალედური არჩევნების შესახებ საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, გივი ჭიჭინაძეს მმართველი გუნდის მხრიდან უდიდესი მხარდაჭერა აქვს.
„რაც შეეხება ამ არჩევნების მნიშვნელობას, გივი ჭიჭინაძე არის ერთ-ერთი წარმატებული, პროფესიონალი კაცი, რომელიც ვფიქრობ, საპარლამენტო საქმიანობას ძალიან წაადგება. ამიტომაც ჩვენს ამ კანდიდატს ჩვენი უდიდესი მხარდაჭერა აქვს. დარღვევებთან დაკავშირებით, ჯერჯერობით ინფორმაცია არ არის”,- განაცხადა მდინარაძემ.
მდინარაძე „ევროპული საქართველოს“ კანდიდატის, გიგი უგულავას პლაკატისა და ბანერის დაზიანების საკითხსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მსგავსი ქმედებები მმართველი პარტიის ინტერესში არ შედის. შეგახსენებთ, რომ დღეს ვანისა და ხონის საარჩევნო ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნები იმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები