ცესკო-ში, ვანისა და ხონის მუნიციპალიტეტებში გასამართი პარლამენტის შუალედური არჩევნების შესახებ, ბრიფინგი ჩატარდა

“28 აპრილს საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები გაიმართება N54 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, რომელიც ვანისა და ხონის მუნიციპალიტეტების სამოქმედო ტერიტორიაა. თითოეულ საარჩევნო უბანს უკვე გადაეცა ყველა ის საჭირო დოკუმენტაცია და ინვენტარი”,-ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე 28 აპრილს შუალედური არჩევნების შესახებ საუბრისას ცესკო-ს სპიკერმა, ანი მიქელაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, არჩევნები 60 საარჩევნო უბანზე ჩატარდება, სადაც საერთო ჯამში 48 123 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

“ხვალ, დილის 08:00 საათზე ყველა საარჩევნო უბანი მზად იქნება ამომრჩეველთა მისაღებად. არჩევნების დღეს, ამომრჩევლები მიიღებენ მხოლოდ ერთ ბიულეტენს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის ასარჩევად. 28 აპრილს არჩევნები ჩატარდება 60 საარჩევნო უბანზე, სადაც საერთო ჯამში რეგისტრირებულია 48 123 ამომრჩეველი. საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნებისთვის რეგისტრირებულია 6 კანდიდატი, მათგან 5 წარდგენილია პოლიტიკური გაერთიანების მიერ, ხოლო 1 კანდიდატი საინიციატივო ჯგუფმა წარადგინა.

აღსანიშნავია, რომ 28 აპრილის არჩევნებს 26 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 721 და სამი საერთაშორისო ორგანიზაციის 14 დამკვირვებელი დააკვირდება. არჩევნებს გააშუქებს 19 მედიასაშუალების 561 მედიაწარმომადგენელი. საარჩევნო უბნებზე მცირემხედველი ამომრჩევლებისთვის იქნება ორი გამადიდებელი ლინზა, უსინათლო ამომრჩევლებისთვის, – ბიულეტენის სპეციალური ჩარჩო ფორმა, ყრუ და სმენადაქვეითებული ამომრჩევლებისთვის, – ხმის მიცემის პროცედურების ამსახველი პოსტერი, ხოლო ფიზიკური შეზღუდვის მქონე ამომრჩევლებისათვის, ადაპტირებული საარჩევნო უბნები, აღჭურვილია სპეციალური ხმის მიცემის კაბინეტით. ხვალ, საღამოს 20:00 საათზე მას შემდეგ, რაც დაიხურება საარჩევნო უბნები და დაიწყება ხმების დათვლის პროცედურა, შემაჯამებელ ოქმებს ცესკო მიღებისთანავე ეტაპობრივად ატვირთავს სპეციალურ ვებ-გვერდზე.

28 აპრილის დილის 7:00 საათიდან საღამოს 23:00 საათამდე იმუშავებს კომისიის სატელეფონო/საინფორმაციო ცენტრი (2 51 00 51), ისე ონლაინ ჩატი. მოქალაქეებს და დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მოგვმართონ. ცესკო მოგიწოდებთ, მიიღოთ არჩევნებში მონაწილეობა”,-განაცხადა ანი მიქელაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები