თბილისის საკრებულოს წევრები სტუდენტებს შეხვდნენ

თბილისის საკრებულოს დეპუტატები “კონრად ადენაუერის ფონდის” პოლიტიკური განათლების აკადემიის წევრებს შეხვდნენ. აკადემიის წევრები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის და ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტები არიან. შეხვედრაში მონაწილეობდნენ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მარიკა დარჩია, საკრებულოს წევრები ნინო ლაცაბიძე, ქეთევან ჯოხაძე, რევაზ სოხაძე, ირაკლი ზარქუა, დავით ჭელიძე და ლევან დარახველიძე.

მარიკა დარჩიამ სტუდენტებს თბილისის წარმომადგენლობითი ორგანოს, საკრებულოს კომისიების, ფრაქციების და საბჭოების მუშაობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

„ვმუშაობთ ყველა საკითხზე, რომელიც თბილისს ეხება. ეს არის ქალაქის წინაშე არსებული პრობლემები, სოციალური საკითხები. აქტიურად ვთანამშრომლობთ თბილისის მერიასთან”,- განაცხადა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ.

საკრებულოს წევრებმა სტუდენტებს ქვეყნის განვითარებაში თვითმმართველობების მნიშვნელობაზე და ამ საკითხში მოქალაქეების, განსაკუთრებით კი ახალგაზრდების აქტიურობაზე ისაუბრეს.

„ახალგაზრდები აუცილებლად უნდა მონაწილეობდნენ ამ პროცესში. თვითმმართველობებს შეუძლიათ ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რომლებსაც ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვხვდებით. ქვეყნის წინსვლა პირველ რიგში დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ძლიერია თვითმმართველობა”,- განაცხადა საკრებულოს ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარემ რევაზ სოხაძემ.

საკრებულოს ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ ირაკლი ზარქუამ სტუდენტებს მიაწოდა ინფორმაცია მუნიციპალური ბიუჯეტის დაგეგმვის და  პრიორიტეტების განსაზღვრის შესახებ. მისი თქმით, ბიუჯეტის შედგენაში, ისევე როგორც სხვა საკითხებში მთავარია მოსახლეობის ჩართულობა.

„ეს არის თვითმმართველობის მთავარი დანიშნულება, რომ მოქალაქეების ჩართულობით მოხდეს ყველა მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტა,“- განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. სტუდენტები დაინტერესდნენ ისეთი საკითხებით, როგორიცაა საკრებულოს მხრიდან მოქალაქეების მიერ წარდგენილი პროექტების მიღება და დაფინანსება, ქალაქის ბიუჯეტის პრიორიტეტების განსაზღვრის კრიტერიუმები, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ არსებული სარეაბილიტაციო ცენტრების დაფინანსებაში საკრებულოს მონაწილეობა.

საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატებმა ნინო ლაცაბიძემ, ქეთევან ჯოხაძემ და დავით ჭელიძემ საკუთარ სამაჟორიტარო ოლქებში მიმდინარე აქტივობებზე ისაუბრეს და ამ მხრივ ახალგაზრდების ჩართულობაზე გაამახვილეს ყურადღება.

 საკრებულოს წევრები და სტუდენტები მომავალში თანამშრომლობის და ინფორმაციების გაცვლის შესახებ შეთანხმდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები