„საპარტნიორო ფონდი“: ჩვენი ფინანსური ინფორმაცია გამჭვირვალეა

„საპარტნიორო ფონდი“ ერთ-ერთი პირველია საქართველოში მოქმედი ორგანიზაციებიდან, რომელმაც ფინანსური ანგარიშგება საჯარო გახადა”,-ამის შესახებ „საპარტნიორო ფონდის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

მათივე ცნობით, „საპარტნიორო ფონდი“ ფინანსურ ანგარიშგებას ფინანსთა სამინისტროს სსიპ „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის“ მიერ მართულ ფინანსური ანგარიშგების პორტალის საიტზე (www.reportal.ge) აქვეყნებს.

“ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერით, საქართველომ აიღო პასუხისმგებლობა, რომ საკუთარ კანონმდებლობას ევროკავშირის ფინანსური ინფორმაციის გამჭვირვალობის მოთხოვნებს დაუახლოვებდა. ამ მიზნით, 2016 წელს ძალაში შევიდა კანონი „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“, რომლის შემუშავებაში მონაწილეობა „საპარტნიორო ფონდის“ წამომადგენლებმაც მიიღეს. „საპარტნიორო ფონდის“ ოფიციალურ ვებგვერდზე, 2011 წლიდან დღემდე, ხელმისაწვდომია აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგებები. ფონდი აქტიურად ჩაერთო რეფორმის შედეგად დაწყებულ პროცესში, რაც კიდევ უფრო გაზრდის საზოგადოების ნდობას „საპარტნიორო ფონდის“ მიმართ.

ქვეყანაში ფინანსური ინფორმაციის საჯაროობა საზოგადოების განვითარების ერთ-ერთ მთავარ მამოძრავებელ ძალას წარმოადგენს. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით, საქართველოში არის 72,995 აქტიური კომერციული იურიდიული პირი, აქედან 71,528 შპს, ხოლო 872 სააქციო საზოგადოება. 2018 წლის აპრილის მდგომარეობით, საჯაროდ ხელმისაწვდომია 50 სააქციო საზოგადოებისა და 40 შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება”,-ნათქვამია „საპარტნიორო ფონდის“ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები