მამა ალექსანდრე: მუსლიმებს არ სწამთ ქრისტესი, მაგრამ როგორც კი შეურაცხყოფას დაიწყებენ, ჩვენთვის მიუღებელი იქნება

“თუ ევროპისკენ მივდივართ და ევროპული გზა გვაქვს არჩეული, შეგვიძლია, მაგალითად, ავიღოთ უამრავი ევროპული ქვეყანა, სადაც არა ადმინისტრაციულ, არამედ სისხლის სამართლის საქმეში გადადის რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფები”, – ამის შესახებ მამა ალექსანდრემ (გალდავა) რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივის საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.

მისივე თქმით, შეიძლება არ გვწამდეს მუჰამედი, მაგრამ მუსლიმებისთვის შეურაცხყოფის მიყენება მიუღებელია.

“რელიგიის თვითგამოხატვა, თავისი სწავლების გამოხატვა რასაკვირველია, ყველას შეუძლია. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ არ გვწამს მუჰამედის და არ ვთვლით მას წინასწარმეტყველად, მაგრამ მისთვის და მუსლიმებისთვის შეურაცხყოფის მიყენების უფლება არ გვაქვს. ისევე, როგორც მუსლიმებს არ სწამთ ქრისტესი, როგორც განკაცებული ღმერთის და ჩვენ ამაზე პრობლემა არ გვაქვს. მაგრამ როგორც კი შეურაცხყოფას დაიწყებენ, რასაკვირველია ეს ჩვენთვის სრულიად მიუღებელი იქნება”, – განაცხადა მამა ალექსანდრე გალდავამ.

შეგახსენებთ, რომ რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის შესახებ, საკანონმდებლო ინიციატივის ავტორი ფრაქცია “საქართველოს პატრიოტების” წარმომადგენელი ემზარ კვიციანია. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის წევრებმა, იდეის დონეზე, მხარი დაუჭირეს პროექტს, რომლითაც რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედება ხდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები