ახა კალაძე: ქართული ანბანი ეს არის არა მარტო ჩვენი, არამედ კაცობრიობის საუნჯე და მემკვიდრეობა

„ქართული ენა, ქართული დამწერლობა, ქართული ანბანი ეს არის არა მარტო ჩვენი, არამედ კაცობრიობის საუნჯე და მემკვიდრეობა. ქართული ენის დაცვა-შენარჩუნება იყო და არის ჩვენი ერის საუკუნოვანი, მარადიული მისია”,- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ გუშინ, დედაქალაქის საკრებულოში ქართული ენის დაცვის მნიშვნელობაზე საუბრისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ზედამხედველობის სამსახური აქტიურად მუშაობს ქალაქში იმისთვის, რომ ქართული ანბანის გამოყენება ყოველთვის კანონის შესაბამისად იყოს დაცული
“ენას იცავდა და ემსახურებოდა ყველა, ვინც მომხვდურს წიგნს უმალავდა, ვინც ხელნაწერებს ამრავლებდა, ვინც ქართულ საგანმანათლებლო კერებს ჰქმნიდა და ქართული ენით მიმართავდა მტერს თუ მოყვარეს, შინ თუ გარეთ. ჩვენი ენა იმდენად მდიდარია, იმდენად ცოცხალი და მუდამ თანამედროვეა, რომ საუკუნეების მანძილზე ერგებოდა დროს, რეალობას და ეპოქის გამოწვევებს. ეს უწყვეტი ციკლია და დღეს ჩვენ, ჩვენი თაობა, ვალდებული ვართ, დავიცვათ ენა, დამწერლობა და საკადრისი, კუთვნილი ადგილი დავუმკვიდროთ მას ჩვენი ქვეყნის განვითარების გზაზე.
შემთხვევითი არ არის ის, რომ ჩვენ აქტიურად დავიწყეთ თბილისის მასშტაბით მუშაობა იმასთან დაკავშირებით, რომ სხვადასხვა ობიექტის აბრებზე დასახელებები ქართულად იყოს მოცემული, რადგან ბოლო წლების განმავლობაში, ამ მიმართულებას საერთოდ არ ექცეოდა ყურადღება და სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა. მე შემიძლია ჩამოვთვალო მთელი რიგი კონკრეტული ქუჩები, სადაც ქართული ანბანის გარდა, შესაძლოა, ყველა ენაზე შევხვედროდით წარწერებს, რაც მიუღებელია. ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ჩვენს ენას, ჩვენს ანბანს, რომელიც ერთ-ერთი უძველესია. ჩვენ კანონითაც გავამყარეთ ეს ყველაფერი, ჯარიმებიც გაიზარდა და ზედამხედველობის სამსახური აქტიურად მუშაობს ქალაქში იმისთვის, რომ ქართული ანბანის გამოყენება ყოველთვის კანონის შესაბამისად იყოს დაცული“, – განაცხადა კახა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ ღონისძიებაზე სამი ქართველი საზოგადო მოღვაწის – დიმიტრი ყიფიანის, ილია ჭავჭავაძისა და იაკობ გოგებაშვილის პირადი საარქივო მასალა, ასევე, 10 სხვადასხვა ავტორის მიერ შექმნილი და ამჟამად გაციფრებული შრიფტები გამოიფინა.
ღონისძიებას ცენტრალური ხელისუფლებისა და დედაქალაქის მთავრობის წარმომადგენლები, თბილისის საკრებულოს დეპუტატები და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები