„ჩვენ გვაქვს ამბიცია, ვაქციოთ თბილისი თანამედროვე ეკონომიკურ-კულტურულ ცენტრად“

ამერიკის სავაჭრო პალატის ორგანიზებით „შერატონ მეტეხი პალასში“ გამართულ შეხვედრაზე დედაქალაქის მერობის კანდიდატმა პროგრამის ძირითად პრიორიტეტად მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება, ინვესტორებისა და საფინანსო ინსტიტუტების მოზიდვა, თბილისის ეკონომიკური განვითარების გეგმა და საინტერესო ბიზნესპროექტების განხორციელება დაასახელა.
„ჩვენ გვაქვს მისია და ამბიცია, ვაქციოთ თბილისი თანამედროვე ეკონომიკურ-კულტურულ ცენტრად, რომელიც მთელ რეგიონს გაუხსნის გზას დასავლური, ცივილიზებული სამყაროსკენ. თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებიც ფაქტობრივად ქმნით სამუშაო ადგილებს ქვეყანაში, თქვენი – ბიზნესმენების, ადგილობრივი და უცხოელი სპეციალისტებისა და საზოგადოების ჩართულობით, ვგეგმავთ დასაქმების პრობლემების მოგვარებას, ეკოლოგიური გარემოს გაუმჯობესებას, დამწყები, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობასა და თანამედროვე საზოგადოების ჩამოყალიბებას. ჩვენი დასაქმების პოლიტიკა უზრუნველყოფს კერძო სექტორის შესაძლებლობების გაზრდასა და გაფართოებას, მუნიციპალური პროექტების დასაქმების ზრდაზე ორიენტაციას, ბაზარზე ორიენტირებული კვალიფიკაციის ზრდის და პროფესიული გადამზადების სისტემას. მნიშვნელოვანი აქცენტი გაკეთდება მცირე და საშუალო ბიზნესის, მომსახურებისა და ტურიზმის მასშტაბების გაფართოებაზე, რათა ეს სექტორი სამუშაო ადგილების განმსაზღვრელ წყაროდ ჩამოყალიბდეს “, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
როგორც დედაქალაქის მერობის კანდიდატმა აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკის სტიმულირების მთავარი ბერკეტები არა ქალაქის მთავრობის, არამედ ცენტრალური ხელისუფლების ხელშია, თვითმმართველობას ბიზნესინიციატივების ხელშეწყობის ჯანსაღი და ხელშემწყობი გარემოს შექმნა შეუძლია, რისთვისაც ადგილობრივი თვითმმართველობის განკარგულებაში არსებული ინსტრუმენტები ამოქმედდება. მისივე თქმით, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ თბილისმა რეგიონის ეკონომიკურ-კულტურული ცენტრის ფუნქცია დაიბრუნოს, რაც დიდად შეუწყობს ხელს სამუშაო ადგილების გაზრდას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები