ინესა მერაბიშვილი გალაკტიონთან გადაღებულ ლეილა აბაშიძის ფოტოს აქვეყნებს – „ქალბატონმა ლეილამ მითხრა, რომ ამ ფოტოზე ის 15 წლის იყო“

გალაკტიონ ტაბიძე, ლეილა აბაშიძე

პროფესორი ინესა მერაბიშვილი ლეილა აბაშიძის უცნობ ფოტოებს აქვეყნებს. ფოტოს, სადაც მსახიობი 80 წლისაა, მინაწერთან ერთად სთავაზობს მკითხველს. ეს ფოტო მსახიობმა ინესა მერაბიშვილს უძღვნა. მის სტატუსს „კვირა“ უცვლელად გთავაზობთ:

„ძალიან მიჭირს ლეილა აბაშიძესთან გამოთხოვება. მისი წასვლით განსაკუთრებული სინანული ჩამიდგა გულში არა მარტო იმის გამო, რომ ის მშვენიერებითა და ნიჭიერებით გამორჩეული დიდი არტისტი გახლდათ, არამედ იმის გამოც, რომ ბედმა მასთან მეგობრობა მარგუნა წილად და მან თავისი შემოქმედებითი ცხოვრების არაერთი სანუკვარი ეპიზოდი გამანდო.
ამ რამდენიმე წლის წინ ქალბატონმა დამანა მდივნიშვილმა გალაკტიონთან გადაღებული ლეილას ფოტო გადმომცა. თავად ქალბატონმა ლეილამ კი მითხრა, რომ ამ ფოტოზე ის 15 წლის იყო.
უფრო ადრე, როდესაც შინ მესტუმრა, აი ეს სამი ფოტო გადმომცა საჩუქრად სამახსოვრო წარწერებითურთ. აქედან ბოლო ფოტოს, სადაც მსახიობი 80 წლისაა, მინაწერთან ერთად გთავაზობთ, რადგან ესეც არანაკლებ საინტერესოა. ის, რომ სიცოცხლის ბოლომდე ლეილა აბაშიძე ახალ კინოგადაღებებზე ოცნებობდა, ყველამ კარგად ვიცით. კარგად ვიცით ისიც, თუ რაოდენ განუსაზღვრელად დიდია მისი ღვაწლი ქართული კინოს ისტორიაში. კიდევ მეტზე ოცნება და კინოში ახალი სახეების შექმნის დაუკმაყოფილებელი, მაგრამ, ამავე დროს, დაუოკებელი სურვილი – ესეც ხომ დიდი შემოქმედებითი ნიჭის ნიშანია“, – წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ინესა მერაბიშვილი.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები