ეკლესიის გუმბათის ჩამონგრევის შედეგად დაშავებულები რიჩარდ ნორლანდმა მოინახულა

ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ახალსოფელში ეკლესიის გუმბათის ჩამონგრევის შედეგად დაშავებული ორი მშენებელი ბათუმის საავადმყოფოში რჩება. მათ ოპერაცია უკვე გაუკეთდათ. დაშავებულებს მრავლობითი დაზიანება აღენიშნებათ, თუმცა ამ დროისთვის მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დაშავებულები საავადმყოფოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა მოინახულა.
„მსურს, გამოვხატო ჩემი მწუხარება მომხდართან დაკავშირებით და მივუსამძიმრო გარდაცვლილების ოჯახის წევრებს. მე და ჩემი მეუღლე ვიმყოფებოდით ბათუმში და, როგორც კი შევიტყვეთ ამ ტრაგედიის შესახებ, გადავწყვიტეთ საავადმყოფოში მისვლა და დახამარების შეთავაზება, თუმცა, საბედნიეროდ, ადგილობრივი მედიკოსები სათანადო სამედიცინო დახმარებას უწევენ დაშავებულებს“, – აღნიშნა ნორლანდმა.
შეგახსენებთ, რომ ახალსოფელში გუშინ, დაახლოებით 16:00 საათზე მშენებარე ეკლესიის გუმბათის ჩამონგრევის შედეგად, ნანგრევებში ოთხი ადამიანი მოყვა, მათგან ორი ადგილზე დაიღუპა. ნგრევის ზუსტი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები