საქართველოში მუხის კასრების მწარმოებელი ქარხანა ამოქმედდება

    საქართველოში მუხის კასრების მწარმოებელი ქარხანა ამოქმედდება. როგორც “კვირას“ სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, სს „პროფესიონალური მეღვინეობის პროდუქტებისა“ და სს „ბაზისბანკის“ ორგანიზებით გაიმართა კონფერენცია – „ღვინისა და ალკოჰოლური სასმელებისათვის მუხის კასრების გამოყენების მომავალი განვითარების გზები და საქართველოში მუხის კასრების განახლებისა და წარმოების აღდგენა.“ კონფერენციას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები: დავით გალეგაშვილი, დავით ნატროშვილი, იური ნოზაძე და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან დავითაშვილი, ასევე ღვინის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლები და დარგის სპეციალისტები ესწრებოდნენ. კონფერენცია ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან დავითაშვილმა გახსნა. დავითაშვილის თქმით, არსებული წამოწყება ქართულ მეღვინეობას დადებითად წაადგება. “მეღვინეები ხშირად აწყდებიან პრობლემებს ახალი კასრების შეძენისა და ძველის აღდგენა-დამუშავების პროცესში. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში აღდგება 90-იანი წლების შემდეგ გაუქმებული ღვინის კასრების საწარმო, რომელიც ადგილობრივი კომპანიებისთვის ხელმისაწვდომს გახდის ღვინისა და ალკოჰოლური სასმელებისთვის უახლესი ტექნოლოგიებით წარმოებულ მუხის კასრებს. ეს კი, კომპანიებს ხარჯებს მნიშვნელოვნად შეუმცირებს“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა. კონფერენციაზე მოხსენებით წარდგნენ ესპანეთში ღვინის კასრების მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია ,,ასპას“ წარმომადგენლები. ესპანელმა სპეციალისტებმა დამსწრე საზოგადოებას კომპანიის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და მზადყოფნა გამოთქვეს, დაეხმარონ ქართულ მხარეს კასრების წარმოების განვითარების მიმართულებით. კომპანია ,,ასპა“ ბრაზილიის ღვინის კლუბის წევრიცაა და სწორედ მისი დახმარებით ბრაზილიის ბაზარზე შევიდა “თელიანი ველის” პროდუქცია. „პროფესიონალური მეღვინეობის პროდუქტების“ გენერალურმა დირექტორი ვასლ კალანდაძემ მადლობა გადაუხადა სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ღვინის ეროვნულ სააგენტოს მხარდაჭერისა და გვერდში დგომისათვის. მან აღნიშნა, რომ სწორედ სოფლის მეურნეობის სამინისტროს შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის საშუალებით გახდა შესაძლებელი ახალი, მაღალტექნოლოგიური საწარმოს შექმნა. სს „პროფესიონალური მეღვინეობის პროდუქტები“ პროექტის ფარგლებში მიღებული სესხით, 90-იანი წლების შემდეგ პირველად, გურჯაანში კასრების წარმოებას დაიწყებს. აღნიშნული საწარმო თებერვალში გაიხსნება. კონფერენციის დასრულების შემდეგ, მუხის კასრებში დაძველებული ქართული და უცხოური ღვინის დეგუსტაცია გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები