განათლების საერთაშორისო ცენტრში განაცხადებების მიღება დაიწყო

      პრემიერ–მინისტრის ინიციატივით შექმნილ განათლების საერთაშორისო ცენტრში განცხადებების მიღება დაიწყო. სამაგისტრო, სადოქტორო და საჯარო მოხელეთა გადამზადების პროგრამებზე საბუთების მიღება დღეს დაიწყო და 7 ივნისს დასრულდება.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, მსურველებმა განაცხადი უნდა შეავსონ შემდეგ მისამართზე: http://iec.gov.ge/ . პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შექმნილ განათლების საერთაშორისო ცენტრს ნინო ჭელიძე უხელმძღვანელებს. ნინო ჭელიძე განათლების ადმინისტრირების სპეციალისტია და საგანმანათლებლო სივრცეში მუშაობის 24 -წლიანი გამოცდილება აქვს. ის წლების განმავლობაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, განათლების სამინისტროს საგარეო საქმეთა დეპარტამენტში იძულებით გადაადგილებულ პირთა და უმცირესობების პროგრამებზე მუშაობდა. ხელმძღვანელობდა სხვადასხვა საგანმანათლებლო და სასტიპენდიო პროგრამებს საქართველოში. 1996 წლიდან IREX-ის წარმომადგენლობით მუშაობდა RSEP/CI (რეგიონალური სტუდენტთა გაცვლის პროგრამები და თანამედროვე საკითხთა პროგრამა) პროგრამებზე, 2000 წლიდან – აშშ-ს მშვიდობის კორპუსში განათლების პროგრამების მენეჯერად. ხელმძღვანელობდა რომის საგანმანათლებლო ფონდის აკადემიური სტიპენდიისა და სოციალური დეპარტამენტის პროგრამებს ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის 16 ქვეყნისათვის. 2012წლიდან ამ დრომდე ნინო ჭეილიზე მუშაობდა ბუდაპეშტის ცენტრალური ევროპული უნივერსიტეტის განაწილება/სტაჟირების პროგრამების მენეჯერად. განათლების საერთაშორისო ცენტრი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან დაფუძნდა. ცენტრი საგანმანათლებლო პროგრამებს სამი მიმართულებით ახორციელებს: სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების დაფინანსება საზღვარგარეთ, უცხოეთში მოღვაწე პროფესიონალების მოწვევა საქართველოში სხვადასხვა სემინარებისა და სამუშაო შეხვედრების ფორმატში და საჯარო მოხელეთა პროფესიული გადამზადების პროგრამების ადმინისტრირება. განათლების საერთაშორისო ცენტრის ღია კარის დღე ექსპო ჯორჯიას N3 საგამოფენო პავილიონში 15 მაისს, 11:00 საათიდან მოეწყობა

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები