თეა წულუკიანი ქალებს მიმართავს: მოვუსმინოთ მამაკაცებსაც ჯერ და მერე არაფერი წინ არ უდგას სწორი პოზიციის დაკავებას

„ქალებს მოგმართავთ, რომ მოვუსმინოთ მამაკაცებსაც ჯერ და მერე არაფერი წინ არ უდგას სწორი პოზიციის დაკავებას”, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, საჯარო რეესტრის თავმჯდომარის, პაპუნა უგრეხელიძის საქმესთან დაკავშირებით.
როგორც მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, იგი პაპუნა უგრეხელიძეს მას შემდეგ შეხვდება, რაც საჯარო რეესტრის თავმჯდომარე ამერიკაში ვიზიტს დაასრულებს და საქართველოში დაბრუნდება.
ამასთან, თეა წულუკიანი განმარტავს, რომ მას თავად პაპუნა უგრეხელიძესთან კითხვები აქვს.
„არ არის კარგი ასეთ თემებზე ცალმხრივი პოზიციების გავრცელება, ცალმხრივად სიუჟეტების კეთება და ნიუსები. ჩვენ ქალებს გვაქვს ერთი მიზანი, რომ ქალთა უფლებები დავამკვიდროთ ამ ქვეყანაში. ეს ბრძოლა არის რთული და ამ ბრძოლაში უნდა ვიყოთ ერთად, სოლიდარულები და, რაც მთავარია, არ დავუშვათ შეცდომები. ჩემი პოზიცია არის, რომ იმ მომენტში, რა მომენტშიც პაპუნა უგრეხელიძე იმყოფება მივლინებაში, მე მას, როგორც ქალმა მინისტრმა, უნდა მოვუსმინო. მიმდინარეობს სასამართლო დავა, სადაც არა იუსტიციის სამინისტრო, არა საჯარო რეესტრი, არამედ ის პირადად არის მოპასუხე. შესაბამისად, ამ საქმის მასალები იცის მან და მეორე მხარემ მხოლოდ. დღეს ჩემი მოადგილე შეხვდა უკვე მის პირად ადვოკატებს იმისათვის, რომ მასალებზე წვდომა ჰქონოდა. მე მაქვს პირადად რამდენიმე კითხვა, მათ შორის უხერხული კითხვებიც, მასთან. როცა მას შევხვდები, უკვე ინფორმირებულ პოზიციას დავაფიქსირებ”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
კითხვაზე, იცნობს თუ არა მინისტრი ომბუდსმენის დასკვნას, წულუკიანმა უპასუხა, რომ სახალხო დამცველმა პირადად უგრეხელიძეს მიაწოდა რეკომენდაცია.
„ქალებს მოგმართავთ, რომ მოვუსმინოთ მამაკაცებსაც ჯერ და მერე არაფერი წინ არ უდგას სწორი პოზიციის დაკავებას”, – განაცხადა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები