“ყველა შესაძლებლობას გამოვიყენებ, რომ ინოვაციური დაფინანსების გარშემო გააქტიურდეს მსჯელობა და თანამშრომლობა ევროპარლამენტის ფორმატში”

ინოვაციური დაფინანსების სამდივნოს პრეზიდენტის სტატუსით მარიამ ჯაში საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტროში იყო მიწვეული, სადაც საქართველოს მიერ დაგეგმილ პრიორიტეტებსა და ღონისძიებებზე ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოსთვის პატივია პრეზიდენტის სტატუსით უხელმძღვანელოს ინოვაციური დაფინასების გლობალურ ჯგუფს და შეუერთდეს ინოვაციური დაფინანსების სფეროში მოღვაწე გლობალურ ლიდერებს.

„ჩვენ წარმატებული მაგალითები გვაქვს UNITAID, Product (Red) და სხვადასხვა ქვეყნის სოლიდარობის ფონდების გამოცდილებაზე დაყრდნობით, რომ ინოვაციურ დაფინანსებას მილიონობით ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა და სიღარიბითა თუ ჰუმანიტარული კრიზისით გამოწვეული პრობლემების გადაჭრა შეუძლია”, -განუცხადა  საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტროში  ჩაწერილ  ინტერვიუში ჟურნალისტებს მარიამ ჯაშმა.  მისი თქმით, ინოვაციური დაფინანსება მნიშვნელოვანია არამხოლოდ დაბალი და საშუალო შემოსავლის ქვეყნებში კონკრეტული პრობლემებისა და პრიორიტეტების საპასუხოდ, არამედ  გლობალურ დონეზე გარემოს დაცვის სფეროში თუ საგანგებო სიტუაციებში სამოქმედოდ. შესაბამისად, საქართველო ინოვაციური დაფინანსების სამდივნოს პრეზიდენტობის პერიოდში ორ ძირითად პრიორიტეტზე გაამახვილებს ყურადღებას:

  1. ინოვაციური დაფინანსების საკითხის უმაღლეს პოლიტიკურ დღის წესრიგში დასაყენებლად და აღნიშნულ პროცესში მთავარი სამოქმედო პლატფორმა იქნება თბილისის ფორუმის TISIFF რეკომენდაციები.
  2. ამასთანავე, გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან თანამშრომლობით, საქართველო ხელს შეუწყობს სახელმწიფო, კერძო და არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის უფრო ეფექტური სტრატეგიული თანამშრომლობის ჩამოყალიბებას.

მარიამ ჯაშის ინფორმაციით, 2017 წლის სექტემბერში საქართველომ და საფრანგეთმა ერთობლივად უმასპინძლეს მაღალი დონის შეხვედრას ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში. შეხვედრაზე, რომელსაც სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, კიდევ ერთხელ დადასტურდა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ინოვაციური დაფინანსების შესაძლებლობები და ამ დღის წესრიგის გააქტიურება.

“2018 წელს ჩვენ ვგეგმავთ არაერთი მაღალი დონის შეხვედრისა და ტექნიკური კონსულტაციების ორგანიზებას. აპრილის ბოლოს საფრანგეთთან და გერმანიასთან ერთად, ნიუ-იორკში ჩვენ ვუმასპინძლებთ შეხვედრას გაეროს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს დაფინანსების ფორუმის ფარგლებში. 2018 წლის ივლისში საქართველოს ექნება პატივი უმასპინძლოს თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ფორუმს სოლიდარობისა და ინოვაციური დაფინანსების საკითხებზე. დაბოლოს, სექტემბერში, ასევე გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გაიმართება მაღალი დონის დასკვნითი შეხვედრა”, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.

მისი ინფორმაციით, ინოვაციური დაფინანსების სამდივნო გაეროს გენერალური მდივნის მოადგილის ფილიპ დუსტე-ბლაზის ხელმძვანელობით აქტიურად მუშაობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან.

“თუმცა ასევე ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გავაძლიეროთ თანამშრომლობა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან, კვლევით და ანალიტიკურ ცენტრებთან, ბიზნესის წარმომადგენლებთან და საერთაშორისო განვითარებით სააგენტოებთან.  როგორც ინოვაციური დაფინანსების სამდივნოს პრეზიდენტი და საქართველოს პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარე, მე ყველა შესაძლებლობას გამოვიყენებ, რომ ინოვაციური დაფინანსების გარშემო გააქტიურდეს მსჯელობა და თანამშრომლობა ეროვნული პარლამენტების/ასამბლეების დონეზე და განსაკუთრებით ევროპარლამენტის ფორმატში”,- აღნიშნა მარიამ ჯაშმა.

მან ასევე ისაუბრა  TISIFF რეკომენდაციების შესახებ. „TISIFF საქართველოში 2015 წელს ჩატარებული თბილისის სოლიდარობისა და ინოვაციური დაფინანსების ფორუმის აკრონიმია, TISIFF რეკომენდაციები კი – თბილისის ფორუმის ფარგლებში შემუშავებული დოკუმენტი. გაეროს 2030 მიზნების მისაღწევად საერთაშორისო თანამეგობრობას დამატებით 37 ტრილიონი აშშ დოლარი სჭირდება. თუმცა, დღეს არსებული სახელმწიფო და ოფიციალური დონორული დაფინანსების ტენდენციების გათვალისწინებით ძალიან რთული იქნება აღნიშნული ფინანსური დეფიციტის აღმოფხვრა.

ჩვენ გვჯერა, რომ ინოვაციური დაფინასება არის ერთ-ერთი ყველაზე რეალური შესაძლებლობა, რომ მოხდეს მდგრადი განვითარებისათვის აუცილებელი ფინანსური სახსრების შექმნა. სწორედ ამ მიზნით, თბილისის ფორუმის რეკომენდაციები წარმოადგენს საერთო სამოქმედო გეგმას, როგორც შევქმნათ დამატებითი ფინანსური რესურსი გაეროს 2030 დღის წესრიგის წარმატებით განხორციელებისათვის”, -განაცხადა მარიამ ჯაშმა.

მან თბილისის ფორუმის რეკომენდაციებში განსაკუთრებული ყურადღება 2 მიმართულებაზე გაამახვილა.

„დოკუმენტი გვთავაზობს ინოვაციური დაფინანსების კატეგორიების განსაზღვრას გლობალური, რეგიონალური, ეროვნული და მუნიციპალური დონის თანამშრომლობისათვის. ასევე, დოკუმენტში გაეროს მდგრადი განვითარების 17-ვე მიზანი და 169 ამოცანა განხილულია ინოვაციური დაფინანსების ჭრილში – თუ რამდენად მნიშვნელოვანი იქნება კონკრეტული ამოცანის მისაღწევად დამატებითი ფინანსური რესურსი და დაფინანსების რომელ შესაძლო წყაროებსა და დაფინანსების მოდელებს შეიძლება დავეყრდნოთ. დიდი იმედია მაქვს, რომ TISIFF რეკომენდაციები გახდება საერთო სამოქმედო პლატფორმა ინოვაციური დაფინანსების ხელშესაწყობად, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად”, -განაცხადა მარიამ ჯაშმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები