გიორგი ტყემალაძემ აზერბაიჯანელ ხალხს ნოვრუზ ბაირამი მიულოცა

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ტყემალაძე, საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარესთან, ბექა დავითულიანთან და სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე, რიმა ბერაძესთან ერთად, მირზა ფათალი ახუნდზადეს სახელობის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმს ესტუმრა და აზერბაიჯანელ ხალხს ნოვრუზ ბაირამი მიულოცა.

მუზეუმის დირექტორმა, ლეილა ალიევამ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს მუზეუმი დაათვალიერებინა. გიორგი ტყემალაძე, შეკრებილ საზოგადოებას, ქართველი და აზერბაიჯანელი ხალხის მრავალსაუკუნოვან მეგობრულ ურთიერთობაზე ესაუბრა. ამასთანავე, საკრებულოს თავმჯდომარემ მუზეუმის დირექტორს ლეილა ალიევას, საკრებულოს სახელით, საპატიო სიგელი გადასცა და 70 წლის იუბილე მიულოცა.

ღონისძიების დასასრულს, რომელსაც თბილისის მერი, კახა კალაძეც ესწრებოდა, სტუმრებისთვის აზერბაიჯანული ფოლკლორული წარმოდგენა გაიმართა.

დღესვე თბილისის საკრებულოს წარმომადგენლებმა ნოვრუზ ბაირამი სამღებროს ქუჩაზე მცხოვრებ, 79 წლის დამსახურებულ პედაგოგს, ხადიჯა ზალიევას მიულოცეს.

ნოვრუზ ბაირამი საქართველოში ტრადიციულად 21 მარტს აღინიშნება. 2010 წელს, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 21 მარტი ეროვნულ დღესასწაულად გამოცხადდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები