გოჩა ჯოჯუა: ხალხი იმსახურებს იმას, რომ ვიცოდეთ ამ დაძაბულ სიტუაციაში რა პოზიცია აქვს საქართველოს ხელისუფლებას

„ახალი ქრისტიან-დემოკრატების“ თავმჯდომარემ, გოჩა ჯოჯუამ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე, საქართველოში მიმდინარე პროცესები შეაფასა.
პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ საქართველოს მოსახლეობამ არ იცის რა ხდება გარშემო. მისი თქმით, საქართველოს ირგვლივ ხიფათი ნამდვილად არსებობს, ჩრდილოეთით, სამხრეთით და თითქმის ყველა მიმართულებით.
„ჩვენ ვხედავთ, რომ ყველა მიმართულებით სიტუაცია იძაბება, საზოგადოება იმდენად არის გაღიზიანებული, რომ ნებისმიერ სიტუაციაზე მათი გაყოფა ხდება და ჩვენ ვფიქრობთ, რომ სწორედ სახელმწიფოებრიობა დგას ეჭვქვეშ, რადგანაც ასეთი დაყოფა, ნებისმიერ საკითხზე და მათ შორის, როცა მიდის პოლიტიკურ ვექტორზე საუბარი, ნიშნავს იმას, რომ ბუნების საწინააღმდეგო ქმედება ხდება. თუ ორგანიზმმა და ამ შემთხვევაში სახელმწიფომ არ გაითავისა, რომ ნებისმიერი მიმართულება, თუნდაც საწინააღდეგო აზრი და პოზიცია, ერთიან სხეულში უნდა ხდებოდეს, თუ ეს ასე არ იქნება, მაშინ ელემენტარულად, ისაა საკითხავი სახელმწიფო შედგა თუ არა“,- განაცხადა გოჩა ჯოჯუამ.
პოლიტიკოსმა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის აშშ-ში ვიზიტი შეაფასა და პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის მხრიდან რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე გაკეთებული განცხადებების შესახებაც ისაუბრა.
„პრეზიდენტს ვიზიტი ჰქონდა აშშ-ში, მისი წასვლა, რასაკვირველია, იყო ადეკვატური, რადგან შექმნილი სიტუაცია ძალიან დაძაბული იყო, თუმცა, მე ვიტყვი, რომ ქართული საზოგადოება უფრო მიჩვეულია მაღალ ყურადღებას აშშ-დან და მისი შეხვედრები კონგრესსა და სენატში, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი იყო. თუმცა, უფრო მაღალი ტიპის შეხვედრა უკეთესი იქნებოდა. ჩანს, რომ ჩვენ ამ შემთხვევაში მოუმზადებლები ვიყავით.
ასევე, პრემიერის განცხადებას მოჰყვა ძალიან დიდი ვნებათაღელვა, თითქმის დაპირისპირებამდე მივიდა საზოგადოება და ამ შემთხვევაშიც ვხედავთ იმას, რომ ჩვენ აქაც მოუმზადებლები ვიყავით და პასუხი რუსეთის ფედერაციიდან ალბათ ისეთი იყო, როგორი მოუმზადებელიც იყო ჩვენი მიმართვა. კიდევ კარგი, პარლამენტმა ის მაინც მოახერხა, რომ რაღაც რეზოლუციაზე შევთანხმდით, თუმცა, აქაც საერთო თანხმობა არ არის“,- აღნიშნა გოჩა ჯოჯუამ.
ჯოჯუა თვლის, რომ პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა უშიშროების საბჭოს სხდომა უნდა მოიწვიონ.
„ქართველი ხალხი იმსახურებს იმას, რომ ვიცოდეთ, ამ დაძაბულ სიტუაციაში, რა პოზიცია აქვს საქართველოს ხელისუფლებას. ჩვენ თითქმის მოუმზადებლები ვხვდებით ყოველთვის და ადეკვატურ რეაგირებას ვერ ვაკეთებთ შექმნილ მოვლენებთან, რომელიც საგარეო ვექტორში ხდება. ეს იმის ბრალია, რომ ქვეყნის შიგნით ვერ მოხერხდა საზოგადოების გამთლიანება და იქნებ მათ მისცენ პირველი მაგალითი ყველა პოლიტიკურ ჯგუფს, საზოგადოებრივ ჯგუფს. იქნებ მოახერხონ, დასხდნენ მინისტრებთან ერთად.
მგონი ყველა მივხვდით, რომ სუვერენული სახელმწიფოები ასე აკეთებენ, საზოგადოება არის ყოველთვის საქმის კურსში, თუ რა კურსი აქვს სახელმწიფოს, რა მოლაპარაკებებს აწარმოებს, რა ხიფათი ელოდება და ამ ხიფათის საწინააღმდეგოდ რა არის მოფიქრებული. მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ ჩვენ, ელემენტარულად, არ გვყავს, არც ბოლომდე ინფორმირებული და არც ბოლომდე საქმის კურსში მყოფი მინისტრები. თქვენ ხედავთ, რომ მინისტრის განცხადება პრემიერ-მინისტრის განცხადებისგან არის განსხვავებული, პრეზიდენტის მოქმედება ხშირ შემთხვევაში საერთოდ შეუთანხმებელია დანარჩენ სახელისუფლებო შტოებთან, ასე რომ, რეალობაში ჩვენ ვართ მოუმზადებელები და ამიტომაც საქართველოს მოსახლეობამ ნამდვილად არ იცის რა ხდება ჩვენს გარშემო, არადა ასეთი ხიფათი ნამდვილად არის ჩრდილოეთითაც, სამხრეთითაც და თითქმის ყველა მიმართულებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები