“დაზიანებები არ აღენიშნება, გულყრის ჩივილებით, შემოიყვანეს” – რას აცხადებენ “ღუდუშაურში” სანდრო ბრეგაძეზე

“ქართული მარშის” ერთ-ერთი წევრი სანდრო ბრეგაძე საავადმყოფოში საკუთარი სურვილით გადაიყვანეს. როგორც “კვირას” “ღუდუშაურის” კლინიკაში განუცხადეს, პაციენტი გუშინ, გვიან ღამით, გულყრის ჩივილებით შეიყვანეს კლინიკაში.
მათივე ცნობით, ბრეგაძეს გარეგანი დაზიანებები არ აღენიშნება.
“პაციენტი გუშინ გვიან ღამით შემოიყვანეს კლინიკაში. როგორც თავად ამბობდა გულყრის ჩივილები ჰქონდა, ჩაუტარდა ყველა შესაბამისი გამოკვლევა. არც ნევროლოგიური დარღვევები გამოიკვეთა, შესაბამისად გამოირიცხა სხვა შესაძლო დაავადებები. პაციენტი როდის გაეწერება კლინიკიდან, ჯერ-ჯერობით უცნობია, რადგან მისივე მოთხოვნით, რამდენიმე გამოკვლევა კიდევ დარჩა ჩასატარებელი”,-აცხადებენ კლინიკაში.
შეგახსენებთ, რომ გუშინ “ქართული მარშის” წევრებმა სოციალურ ქსელში გაავრცელეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სანდრო ბრეგაძე პოლიციელებმა სცემეს.
“პოლიციელების მიერ სასტიკად ნაცემია “ქართული მარშის” ლიდერი – სანდრო ბრეგაძე !!!
ამ წამს “ქართული მარშის” წევრები და მხარდამჭერები შეკრებილები ვართ პირველი არხის შენობის გვერდზე პოლიციის განყოფილებასთან !!!! სისხლის ბოლო წვეთამდე ვიბრძოლებთ !!!!” – აცხადებს “ქართული მარში”.
აღნიშნულ ბრალდებას შს სამინისტრო გამოეხმაურა და სიცრუე უწოდა.
“ინფორმაცია, სანდრო ბრეგაძის ცემის შესახებ, არის მტკნარი სიცრუე და შსს აღნიშნულს არ ადასტურებს. ექიმების თანხმობის შემთხვევაში, სანდრო ბრეგაძეს მოუწევს გამოძიებისთვის ჩვენების მიცემა”, – აცხადებენ სამინისტროში.
შეგახსენებთ, რომ 19 მარტს “ქართული მარშის წევრებმა “რუსთავი 2″–თან აქცია გამართეს, მას შემდეგ, რაც გიორგი გაბუნიამ ეთერში ქრისტეს შესახებ იხუმრა. “ქართული მარშის” 6 წევრის მიმართ პოლიციამ სისხლის სამართლის კოდექსის 239–ე მუხლის მიხედვით გამოძიება დაიწყო, რაც ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით ხულიგნობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები