21 მარტს მსოფლიო დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს

21 მარტს მსოფლიო დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. სახალხო დამცველი ნინო ლომაჯარია,  დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ მისი აღნიშვნა დაუნის სინდრომის მქონე პირების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.

“2018 წელს ამ დღის აღნიშვნის თემა – „რას ვმატებ საზოგადოებას“ – ხაზს უსვამს დაუნის სინდრომის მქონე პირთა თანაბარ წვლილს საზოგადოებრივ, საჯარო, პოლიტიკურ, კულტურულ და ცხოვრების სხვა სფეროებში.

დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების შესაძლებლობას – საკუთარი წვლილი შეიტანონ საზოგადოების ცხოვრებაში, მნიშვნელოვნად აბრკოლებს არასაკმარისი ინფორმირებულობა და ნეგატიური დამოკიდებულებები. აუცილებელია ყველა სუბიექტმა, მათ შორის სახელმწიფომ, სამოქალაქო სექტორმა, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებმა, დამსაქმებლებმა, ფართო საზოგადოებამ დაინახონ ეს სარგებელი და ხელი შეუწყონ დაუნის სინდრომის მქონე პირების შესაძლებლობების განვითარებას.

საქართველოში დაუნის სინდრომის მქონე მოქალაქეების მიერ ადამიანის უფლებებით სარგებლობის კუთხით გადადგმული გარკვეული ნაბიჯების მიუხედავად, კვლავ რჩება წინაღობები, რომელთა აღმოფხვრის მიზნით მნიშვნელოვანია გაგრძელდეს ამ პირთა საჭიროებების გამოვლენა და ზრუნვა მათ მოგვარებაზე. უზრუნველყოფილი უნდა იქნას სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების მისაწვდომობა, ხარისხიანი განათლების მიღება, დასაქმების თანაბარი შესაძლებლობა და დამოუკიდებლად ცხოვრების ხელშეწყობა.

არსებული გამოწვევების დაძლევისთვის მნიშვნელოვანია სახელმწიფომ ქმედითი ნაბიჯები გადადგას, რაც უნდა მოიცავდეს დაუნის სინდრომის მქონე პირებისა და მათი ოჯახების მხარდაჭერას და გაძლიერებას, მათთვის აუცილებელი პროგრამებისა და სერვისების დაგეგმვას და განხორციელებას”,- ნათქვამია სახალო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ნინო ლომჯარია მოუწოდებს სახელმწიფოს მეტი ძალისხმევა მიმართოს დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების უფლებების დაცვისკენ, რათა, მისი თქმით, მათი მონაწილეობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში სხვების თანასწორად იქნას უზრუნველყოფილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები