ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი: თუ ვიკითხავთ უახლოვდება თუ არა საქართველო ნატოს, პასუხი იქნება – დიახ

თუ ვიკითხავთ უახლოვდება თუ არა საქართველო ნატოს, პასუხი იქნება – დიახ, – ამის შესახებ ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკევიჩუსმა „კურიერთან“ ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ რეფორმები გააგრძელოს.
„თუ პირდაპირ მეკითხებით არის თუ არა მზად ალიანსი, რომ საქართველო მიიწვიოს ნატოში გასაწევრიანებლად მომავალ სამიტზე, გულახდილად გიპასუხებთ, რომ ამ ეტაპზე, – არა. მაგრამ თუ ვიკითხავთ უახლოვდება თუ არა საქართველო ნატოს, პასუხი იქნება – დიახ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ გააგრძელოს რეფორმები, რეფორმებს თქვენ საკუთარი ქვეყნისთვის ატარებთ და არა სხვებისთვის. დრო ნამდვილად არ უნდა დაიკარგოს, მზად უნდა იყოთ, გაწევრიანების დრო აუცილებლად მოვა. თუ ეს დრო დადგება და თქვენ მზად არ იქნებით, მოგიწევთ, საკუთარ თავს დააბრალოთ. ეს კი ნამდვილად არ მინდა, მოხდეს“,- განაცხადა ლინას ლინკევიჩუსმა.
ჟურნალისტი ასევე დაინტერესდა, თუ როგორ აფასებს ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი „ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიის“ მიღების ინიციატივას.
„ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი ინიციატივის განსახილველად. უკვე გავაკეთეთ განცხადებები ცხინვალის საქმეზე. აღვნიშნეთ, რომ მნიშვნელოვანია დავაკვირდეთ როგორ განვითარდება მოვლენები. ამ ეტაპზე მომხდარ ფაქტს არ უარყოფენ, მაგრამ ცდილობენ, ნაკლები მნიშვნელობა მიანიჭონ და შეცდომად ან გაუგებრობად შეაფასონ. ასე რომ, მთავარია თვალი ვადევნოთ. ჩვენ კი ნებისმიერი დისკუსიისთვის მზად ვართ,“-განაცხადა ლინას ლინკევიჩუსმა.
მინისტრმა „სკრიპალის საქმეზეც“ გააკეთა კომენტარი.
„არსებობს ბევრი მიზეზი, მაგრამ შემიძლია ვივარაუდო, რისი მიღწევა სურთ, – ეს არის გამოცდის პოლიტიკა, ისინი ცდიან, შესაძლებელია თუ არა ამის გაკეთება ევროპაში, ვართ თუ არა ერთიანები ან რა საფასურს გადავახდევინებთ. ჩემი აზრით, ეს იყო გზავნილი რუსებისთვისაც, რომ ვერც ისინი და ვერც მათი ოჯახები ვერსად იგრძნობენ უსაფრთხოდ თავს. ყველა ქვეყანამ თავის თავზე გამოსცადა რუსეთის ქმედება, მათ შორის საფრანგეთმაც, ნიდერლანდებმა, – არჩევნებში ჩარევის სახით. დღეს უკვე გლობალურად განიხილება სტრატეგიული კომუნიკაციების საკითხი, რაც ადრე არ ყოფილა, სულ უფრო ხშირად მიმდინარეობს მსჯელობა ჰიბრიდულ საფრთხეებზე, ამიტომ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ, რომ უფრო ძლიერები გავხდეთ“, – განაცხადა ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები