დავით რაქვიაშვილი: კონგრესსა და სენატში გამოითქვა მზადყოფნა, რომ ქართულ-ამერიკული ურთიერთობები ახალ დონეზე გადავიდეს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ვაშინგტონში ვიზიტს განაგრძობს და აშშ-ის კონგრესსა და სენატში შეხვედრებს მართავს. შეხვედრებზე საქართველოს პრეზიდენტი საქართველო-აშშ-ის ორმხრივი ურთიერთობების მზარდი დინამიკის მნიშვნელობას, საქართველოსა და რეგიონის წინაშე არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებს, მასთან გამკლავების მექანიზმებს განიხილავს.

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის დავით რაქვიაშვილის განცხადებით, სენატის და კონგრესის ხელმძღვანელობასთან საქართველოს პრეზიდენტის მთავარი გზავნილი იყო, რომ ქართველი ხალხის დასავლური არჩევანი შეუქცევადია და ამ არჩევანის დასაცავად აუცილებელია ქართულ – ამერიკული ურთიერთობების თვისობრივად ახალ, მაღალ დონეზე გადაყვანა.

“ეს სულისკვეთება სრულიად გაიზიარეს ორივე პარტიის წარმომადგენლებმა. გამოითქვა მზადყოფნა, რომ გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები, რათა გაზრდილი გამოწვევების და უსაფრთხოების გაუარესებული გარემოს, ამერიკისა და ქართველი ხალხის ინტერესების შესაბამისად ქართულ -ამერიკული ურთიერთობები ახალ, თვისობრივად მაღალ დონეზე გადავიდეს”,- აღნიშნა დავით რაქვიაშვილმა.

პრეზიდენტის ვიზიტის მთავარი ამოცანა საქართველოს უსაფრთხოების მიმართ აშშ-ს ხელისუფლების წარმომადგენლების მხარდაჭერის გამყარება, ინტენსიური დიალოგის გაძლიერება და საქართველოს მხარდამჭერთა კონსოლიდაციაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები