მიქაელ ბოტკოველი ტატუნაშვილის საქმეზე: ჩვენც მოლოდინის რეჟიმში ვართ

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის პრესმდივნმა, მამა მიქაელ ბოტკოველმა ოკუპირებულ ცხინვალში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშილის ცხედრის გადმოსვენებასთან დაკავშირებით, ხელმეორედ რუსეთის საპატრიარქოსთვის მიმართვის შესახებ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა, რომ ასეთი რამე არ იგეგმება.
 
მისი თქმით, მხოლოდ პირველადი ინფორმაცია არსებობს იმის შესახებ, რომ რუსეთის საპატრიარქომ მიიღო საქართველოს პატრიარქის თხოვნა, რათა აღნიშნული საკითხის მოგვარებაში ქართულ მხარეს დახმარებოდნენ.
 
“ასეთი მაღალი დონის საქართველოს ეკლესიის მეთაური რომ დაუკავშირდეს რუსეთის ეკლესიის მეთაურს განმეორებით, აღარ მოხდება. უნდა ჩავთვალოთ, რომ ან ვერ მოხდა რეაგირება ამ საკითხზე, ან რუსეთის საპატრიარქოს არ აქვს სათანადო ბერკეტები, რათა აღმოგვიჩინოს დახმარება.
 
სამწუხაროდ, მხოლოდ პირველადი ინფორმაცია გვაქვს, რომ რუსეთის საპატრიარქომ მიიღო ჩვენი თხოვნა, რათა დაგვხმარებოდნენ აღნიშნული საკითხის მოგვარებაში. სხვა დამატებითი ინფორმაცია არ მიგვიღია. ჩვენც მოლოდინის რეჟიმში ვართ და ყოველ წუთს ველოდებით, შეგვატყობინონ დრო, როდის მოხდება ტატუნაშვილის გადმოსვენება”, – განაცხადა პატრიარქის პრესმდივანმა.
 
შეგახსენებთ, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემასთან დაკავშირებით შექმნილი მძიმე მდგომარეობის გამო, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია II-მ წერილი რუსეთის ეკლესიის მეთაურს გაუგზავნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები