10 მარტს წარმატებულ ემიგრანტ ქალებს დააჯილდოებენ

პროექტის “მე დავბრუნდები” ფარგლებში, 10 მარტს კოტე მარჯანიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში წარმატებული ემიგრანტი ქალების დაჯილდოვების ღონისძიება გაიმართება. პროექტში 14 ქალბატონი მიიღებს მონაწილეობას, გამარჯვებულ კანდიდატს კი „წარმატებული ემიგრანტი ქალის“ წოდება მიენიჭება. ამის შესახებ პროექტის ორგანიზატორმა ინა ასანიძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
ინა ასანიძის თქმით, პროექტი უკვე მესამე წელია, ხორციელდება. წლევანდელ კონკურსში კი, ქალბატონები მონაწილეობას 7 ქვეყნიდან იღებენ: გერმანია, აშშ, ისრაელი, საბერძნეთი, ესპანეთი, უკრაინა და ჰოლანდია.
„ეს იდეა მაშინ დამებადა, როდესაც საქართველოში ემიგრაციიდან ვბრუნდებოდი. ძალიან გამიჭირდა ემიგრანტად ყოფნა, ეს იყო ჩემთვის ჯოჯოხეთი. ყველა იმ ადამიანს ვცემ პატივს, ვინც უცხოეთში ცხოვრობს, ძალიან ძლიერი უნდა იყო, რომ ეს შეძლო, მე ვერ შევძელი. პლიუს ამას, აკეთო ქართული საქმე, არჩინო რამდენიმე ოჯახი, ძალიან რთულია, – ყველა ასეთი ქალი და ყველა ადამიანი გმირია.
დაბრუნების შემდეგ გამიჩნდა ეს იდეა – ვფიქრობდი, რომ ისინი ძალიან ძლიერები არიან, ვფიქრობდი, როგორ შეიძლება, რომ ჩვენ ისინი დავაფასოთ, მინდა გითხრათ, რომ ძალიან ბევრი დაბრუნებაზე ჩივის. ამ დღეებში ერთ ქალბატონს, ერთ-ერთ რაიონში, საიდანაც თვითონ არის წარმოშობით, შესთავაზეს ვიცე-მერობა, ანუ ჰქონდათ აქ, საქართველოში შემოთავაზება, მაგრამ უარი თქვა. მე იმედს ვიტოვებ, რომ მათ არ გამოეპარებათ დაბრუნების დრო. როცა გეძლევა იმის საშუალება, რომ დაბრუნდე, იყო დასაქმებული და შენ ამბობ უარს – ჩემთვის ცოტა მტკივცეულია“,- აღნიშნა ინა ასანიძემ.
ასანიძე თვლის, რომ პროექტი დიდი მოტივაციის მატარებელია. მისი თქმით, პროექტი გამოხატავს პატივისცემას ემიგრანტი ქალების მიმართ. როგორც ინა ასანიძე ამბობს, პროექტი იძლევა საშუალებას, საქართველოში უფრო ფართო საზოგადოებამ გაიცნოს ემიგრაციაში მცხოვრები წარმატებული ქალები.
„ძალიან დიდ საყვედურებს ვიღებ ყოველთვის, როცა ვიწყებ პროექტს, რომ აი, რატომ ის და რატომ მე არა. მე მივმართავ დიასპორულ ორგანიზაციებს, შემდეგ ეს ორგანიზაციები თავად არჩევენ ქალბატონებს და მაძლევენ კანდიდატურებს, ხდება ისე, რომ ქვეყნიდან 5-10 კანდიდატურაა, მერე ჩვენი კომისია არჩევს და ამის მიხედვით ხდება წარდგენა. ძალიან ბევრი წარმატებული ქალი გვყავს ქვეყნიდან გასული. სხვათაშორის, პრეტენზია აქვთ ძალიან ცნობად სახეებსაც, ხელოვანებს, იგივე ექიმებს, რომ პედაგოგებზე მეტად წარამტებულები არ ვართო?! ძალიან უხეშად ვუპასუხე, რომ – არა, თქვენ აკეთებთ თქვენს საქმეს, ხანდახან მალავთ კიდეც, რომ ქართველები ხართ და ეს ქალები კი, ჩუმად აკეთებენ იმას, რასაც უნდა აკეთებდეს თქვენნაირი შეძლებული ადამიანი. მინდა ვთქვა, რომ ისინი ამას აკეთებენ ყოველგვარი დაფინანსების გარეშე, მე ვთვლი, რომ ისინი უფრო წარმატებულები არიან“,- განაცხადა ინა ასანიძემ.
პროექტის ორგანიზატორის სურვილია, ემიგრაციაში მცხოვრები ქალბატონები მალე დაბრუნდნენ საკუთარ ქვეყანაში.
„ისინი აკეთებენ ძალიან დიდ საქმეს, დაბრუნება დღეს არ არის მარტივი და ჩვენი ქვეყანა, სამწუხაროდ, დღეს მზად არ არის ამისთვის, თუმცა რაც უფრო მეტი წარმატებული და გამოცდილების მქონე ადამიანი დაბრუნება ქვეყანაში, უკეთესია. მე მივესალმებოდი და ჩემი ძალიან დიდი სურვილია, რომ ისინი დაბრუნდნენ. მათი წვლილი შეუდარებელია იმიტომ, რომ ძალიან ბევრს აკეთებენ, ძნელია უცხო ქვეყნაში დაფუძნდე და აკეთო ქართული საქმე, ეს არის ძალიან ძნელი“,- განაცხადა „კვირას“ პრესკლუბში ინა ასანიძემ.
პროექტის დასკვნითი ღონისძიება, 10 მარტს კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები