გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე ინდოეთში ბიომრავალფეროვნების ფინანსური ინიციატივის გლობალურ კონფერენციას დაესწრო

ინდოეთში, ქ. ჩენაიში, ბიომრავალფეროვნების ფინანსური ინიციატივის (BIOFIN) გლობალური კონფერენცია გაიმართა, რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი დაესწრო. კონფერენციაში ბიომრავალფეროვნების ფინანსური ინიციატივის 30 ქვეყნის 200-მდე წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა. მხარეებმა ბიომრავალფეროვნების დაფინანსებასთან დაკავშირებით, ქვეყნების გამოცდილებაზე, არსებულ საჭიროებებსა და მდგომარეობის გაუმჯობესების კონკრეტულ მაგალითებზე იმსჯელეს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, კონფერენციის მიზანი ქვეყნებს შორის გამოცდილების გაზიარება და ტექნიკური შეხვედრების ჩატარება, ბიომრავალფეროვნების ფინანსური ინიციატივის განხორციელებით მიღებული შედეგების განხილვა და, ბიომრავალფეროვნებისათვის საჭირო ფინანსური რესურსების მოძიების გზებთან დაკავშირებით, ერთობლივი კონსულტაციაა.
მინისტრის მოადგილემ მაღალი რანგის შეხვედრაზე სიტყვით მიმართა მონაწილეებს, რომლის ფარგლებშიც ხაზი გაუსვა ბიომრავალფეროვნების მნიშვნელობას და შესაბამისად, კონსერვაციისათვის ფინანსური რესურსების მობილიზების აუცილებლობას, როგორც დონორული, ისე ადგილობრივი წყაროებიდან დაფინანსების ზრდის მნიშვნელობას. გუნდის შეხვედრაზე, პროექტის ფარგლებში, შემუშავებული დოკუმენტები „ბიომრავალფეროვნების პოლიტიკისა და ინსტიტუციური მოწყობის მიმოხილვა“ და „ბიომრავალფეროვნების ფინანსური გეგმა“ წარადგინეს. შეხვედრის მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია პროექტის ფარგლებში მიღწეული შედეგების, არსებული გამოწვევების და სამომავლოდ დაგეგმილი აქტივობები. ბიომრავალფეროვნების ფინანსური ინიციატივის პროექტი გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) თაოსნობით და ხელშეწყობით ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები