“აბაშიძე-კარასინის ფორმატის გაუქმებით ვერავის შევაშინებთ, ეს ერთადერთი ძაფია, რომელიც ხელისუფლებამ მოიფიქრა”

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნუკრი ქანთარიამ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე, სადაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოკლულ არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით მომზადებულ რეზოლუციებს განიხილავენ, განაცხადა, რომ კარგად უნდა იყოს გააზრებული, თუ რაზეა ეს რეზოლუცია. როგორც მან აღნიშნა, ნებისმიერი რეზოლუცია ასეთ მწვავე სიტუაციაში მხოლოდ დამოკიდებულებას არ უნდა ამჟღავნებდეს და პოზიციას არ უნდა აფიქსირებდეს.
ქანთარია აბაშიძე-კარასინის ფორმატის გაუქმებასაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მისი გაუქმებით, არავის შეეშინდება. მისივე თქმით, ეს არის ერთადერთი ძაფი, რომელიც მმართველმა გუნდმა მოიფიქრა, მაგრამ ვეღარ გააღრმავა.
„რეალურად, შედეგზე რომ ვიყოთ ორიენტირებული, ვფიქრობ, საერთაშორისო საზოგადოება უნდა დავიხმაროთ, დავარწმუნოთ, რომ მათ ხელთ არსებული ყველა საშუალება გამოიყენონ საერთაშორისო გამოძიებისთვის მონიტორინგის ჯგუფების შექმნის თაობაზე.
რეზოლუცია ვფიქრობ, რომ საჭიროა, კარგი იქნება თუ ის იქნება შეჯერებული ვარიანტი, მაგრამ ნებისმიერი რეზოლუცია ასეთი მწვავე სიტუაციის დროს მხოლოდ დამოკიდებულებას არ უნდა ამჟღავნებდეს და პოზიციას არ უნდა აფიქსირებდეს. ამავე დროს, ის უნდა იყოს გათვლილი კონკრეტულ დადებით შედეგზე და მის უკან უნდა იყოს გარკვეული ქმედებები, რომლის განხორციელებაც შესაძლებელი იქნება.
რაზეა გათვლილი ეს რეზოლუცია? თუ ეს გათვლილია ჩვენი მოსახლეობისთვის, რომ ვუთხრათ როგორი აღშფოთებული ვართ და თან გულადები ვართ, ეს ერთი მხარეა, თუ ეს გათვლილია საერთაშორისო საზოგადოებისთვის – ეს მეორეა, თუ ჩვენ გვინდა, რომ ამით რუსეთი შევაშინოთ, მაშინ შეგვიძლია ულტიმატუმიც წავუყენოთ – ამა და ამ რიცხვამდე, ამას და ამას თუ არ გააკეთებ, მაშინ, მაშინ, მაშინ…
აბაშიძე-კარასინის ფორმატის გაუქმებით ვერავის შევაშინებთ. როგორ ფიქრობთ, გული გაუსკდებათ ამ ფორმატს თუ შევაჩერებთ? ეს არის ერთადერთი ძაფი, რომელიც ჩვენმა ხელისუფლებამ მოიფიქრა, მაგრამ ვეღარ გავაღრმავეთ, თუმცა ჩვენ, სახანძრო ტერმინი რომ ვიხმაროთ, ცეცხლი გვიჭირავს. ცეცხლი, რომელიც თქვენს დროს დაინთო, ჩვენ ეს გვიჭირავს და არ ვუშვებთ აქეთ მხარეს. ეს მოვახერხეთ და ეს უნდა გავაგრძელოთ“, – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები