საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს დესისლავა ივანოვა ესტუმრა

სოფიო ქაცარავას ინიციატივის ფარგლებში, რომელიც საგარეო პოლიტიკის შესახებ მოქალაქეების ინფორმირებას გულისხმობს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომას ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, ბულგარეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში დესისლავა ივანოვა ეწვია.

სხდომა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯომარემ მისასალმებელი სიტყვით გახსნა.

„მოგესალმებით პატივცემულო ელჩო, კოლეგებო, სტუდენტებო და სტაჟიორებო, პირველ რიგში მსურს მადლობა გადაგიხადოთ მობრძანებისთვის. ვთვლი, რომ ასეთ ფორმატში შეხვედრები ძალიან საინტერესო და ნაყოფიერია. ტრადიციულად ვაგრძელებთ ელჩების მიღებას კომიტეტში საგარეო პოლიტიკის თემების განსახილველად.

2017 წელს, 25 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ჩვენს ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა და ამ ხნის განმავლობაში საქართველოსა და ბულგარეთს შორის ჩამოყალიბდა განსაკუთრებული ურთიერთობები და ახლო პარტნიორობა.

ჩვენი ორმხრივი დინამიური ურთიერთობები მაღალი დონის ვიზიტების გარდა, მჭიდრო პოლიტიკური და სექტორული თანამშრომლობით გამოირჩევა ისეთ სფეროებში, როგორიც არის თავდაცვა და უსაფრთხოება, განათლება, ენერგეტიკა, ეკონომიკა და სხვა.  ჩვენს ქვეყნებს შორის ასევე, ძლიერია კულტურული და ხალხთაშორისი კავშირებიც.

მადლობას ვუხდი ბულგარეთის ელჩს და ბულგარეთის ხელისუფლებას საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის და ამ მხრივ, მინდა აღვნიშნო ბულგარეთის განსაკუთრებული როლი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუშაობაში.

ჩვენთვის სასიხარულოა, რომ ბულგარეთი წარმოადგენს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მხარდამჭერს და ამ მხრივ ჩვენთვის საყურადღებოა, რომ წელს ბულგარეთი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა, ისევე როგორც ბულგარეთის საელჩო ნატო-ს საკონტაქტო საელჩო გახდა საქართველოში.   დარწმუნებული ვარ, რომ ბულგარეთი ხელს შეუწყობს საქართველოსა და ევროკავშირის კიდევ უფრო დაახლოებას. მოხარული ვარ, რომ სულ რაღაც რამდენიმე კვირის წინ ვიმყოფებოდი სოფიაში, სადაც მონაწილეობა მივიღე ბულგარეთის თავმჯდომარეობასთან დაკავშირებულ კონფერენციაში.

მიმდინარე წლის გაზაფხულზე თბილისს ბულგარეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ეწვევა, რომელთანაც კომიტეტთა შორის მემორანდუმს გავაფორმებთ, რაც უფრო ინსტიტუციურს გახდის ჩვენს საპარლამენტო თანამშრომლობას და რაც ასევე, უკვე ტრადიციად ვაქციეთ ჩვენს პარტნიორ პარლამენტებთან”, – აღნიშნა მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას სოფიო ქაცარავამ.

ბულგარეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში დესისლავა ივანოვამ  ბულგარეთის, როგორც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის პრიორიტეტებსა და დღის წესრიგზე და ამ მიმართულებით საქართველო-ბულგარეთის ორმხრვ ურთიერთობებსა და თანამშრომლობის გაძლიერებაზე ისაუბრა.

სოფიო ქაცარავამ ახალგაზრდებს  პარლამენტში სტაჟირების დაწყება მიულოცა: „მინდა ვისარგებლო შემთხვევით და საქართველოს პარლამენტის ახალ სტაჟიორებს მივულოცო თავიანთი საქმიანობის დაწყება. დარწმუნებული ვარ, რომ აქ გატარებული პერიოდი მნიშვნელოვან და მრავალმხრივ გამოცდილებას შეგძენთ”, – მიმართა სტაჟიორებს სოფიო ქაცარავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები