უმაღლესი სასწავლებლების ბაზაზე პროფესიული კოლეჯები დაფუძნდება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით, პროფესიულ კოლეჯებს უმაღლესი სასწავლებლების ბაზაზე ფუნქციონირების შესაძლებლობა მიეცემათ. შედეგად, პროფესიული განათლების სტუდენტები პროფესიას უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში დაეუფლებიან. როგორც სამინისტროში აცხადებენ, აღნიშნული ხელს შეუწყობს პროფესიული განათლების პრესტიჟის ამაღლებას და სტუდენტებს შესაძლებლობას მისცემს, შემდგომ საფეხურზე სწავლა, იმავე სივრცეში განაგრძონ.

“საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით  პირველი უმაღლესი პროფესიული განათლების კოლეჯი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში დაფუძნდება, რომლის კურსდამთავრებულები საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებში მაღალანაზღაურებად პოზიციებზე დასაქმდებიან. მნიშვნელოვანია, რომ სასწავლო პროგრამების განხორციელებაში საბჭოში წარმოდგენილი იქნება ისეთი საერთაშორისო მაღალტექნოლოგიური კომპანიები, როგორიცაა Microsoft და HP.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მედიისა და ტელე-ხელოვნების საზოგადოებრივი კოლეჯის შექმნის თაობაზე დღევანდელ მთავრობის სხდომაზე იმსჯელეს. კოლეჯი ყველა საფეხურის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას განახორციელებს და უზრუნველყოფს მოსამზადებელი ზოგადსაგანმანათლებლო, ქართული ენისა და ლიბერალური განათლების საგანმანათლებლო პროგრამებს.

კოლეჯი განახორციელებს სხვადასხვა ხანგრძლივობის სასერტიფიკატო და კვალიფიკაციის ასამაღლებელ ისეთ სასწავლო კურსებს, რომელიც არ საჭიროებს კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემას. გარდა ამისა, აღნიშნული საზოგადოებრივი კოლეჯის მიზანი იქნება სხვადასხვა დანიშნულების, ჟანრისა და ფორმატის ისეთი მულტიმედია პროდუქციის წარმოება და გავრცელება, რომელიც ხელს უწყობს პროფესიული განათლების პოპულარიზაციას  და მედიისა და ტელეხელოვნების განვითარებას.

ექსპერტთა შეფასებით, უმაღლეს საგანმანათლებლო სივრცეში პროფესიული განათლების მიღების შესაძლებლობა მეტად მიმზიდველი გახდება, რაც პროფესიულ  სტუდენტთა რაოდენობას მნიშვნელოვნად გაზრდის”,- აცხადებენ განათლების სამინისტროში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები