ზიმბარდოს ლუციფერის ეფექტი ანუ როგორ ბოროტდებიან კარგი ადამიანები

ფსიქოლოგი, ფილიპ ზიმბარდო, დაინტერესებული იყო გაერკვია, სადისტური ქმედებები, რომელთაც ციხის ზედამხედველები ამერიკის ციხეებში სჩადიოდნენ, ციხის გარემოს ზემოქმედებით იყო განპირობებული, თუ მათი პიროვნული თვისებებიდან მომდინარეობდა.
კვლევის ჩასატარებლად ზიმბარდომ, სტენფორდის უნივერსიტეტის შენობაში ციხის გარემო შექმნა. კვლევაში მონაწილეობის მისაღებად, 75 მოხალისიდან 21 მამრობითი სქესის სტუდენტი შეირჩა. ნორმალური ფსიქიკური მდგომარეობის შესამოწმებლად, სტუდენტებმა გაიარეს ფსიქოლოგიური შემოწმებები და კომპენსაციის სახით, დღეში 15 დოლარი დაენიშნათ.
სტენფორდის უნივერსიტეტის 1971 წლის 14–20 აგვისტოს განხორციელდა.
მონაწილეებს შორის შემთხვევით შეირჩა ზედამხედველებისა და პატიმრების როლები. ციხის ცხოვრების სიტუაცია მაქსიმალურად რეალობასთან იყო მიახლოებული. პატიმრები საკუთარი სახლებიდან გაფრთხილების გარეშე აიყვანეს და დააპატიმრეს.
პატიმრების დაკავების კადრები
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=sYtX2sEaeFE” width=”560″ height=”315″]
მცველები ჩვეულებრივ ფორმაში იყვნენ გამოწყობილი, სასტვენებით, ხელბორკილებითა და შავი სათვალეებით იმისათვის, რომ პატიმრებთან თვალებით კონტაქტი შეუძლებელი ყოფილიყო. ფიზიკური ძალადობა დაშვებული არ ყოფილა. ზიმბარდო თავად აკვირდებოდა პატიმრებისა და მცველების მოქმედებას.
მცველი
პატიმრებს ისე ეპყრობოდნენ, როგორც ჩვეულებრივ კრიმინალებს. უღებდნენ თითის ანაბეჭდებს, სურათებს და კამერაში მიჰყავდათ.
შემდეგ მათ თვალები აუხვიეს და სტენფორდის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის დეპარტამენტში წაიყვანეს, სადაც ციხე უკვე მზად იყო მათთვის, დაკეტილი კარებითა და სარკმლებით. ექსპერიმენტის პროცესი დაიწყო.
ციხეში სულ 3 ხედამხედველი და 9 პატიმარი იყო, ზედამხედველები 8 საათიანი გრაფიკით მეთვალყურეობდნენ პატიმრებს. (თუმცა საჭიროების შემთხვევაში, დანარჩენებიც მობილიზებულნი იყვნენ).
ხანმოკლე დროის განმავლობაში პატიმრებმაც და ზედამხედველებმაც ბუნებრივად მოირგეს თავიანთი როლები.
პატიმარი
ექსპერიმენტის დაწყებიდან რამოდენიმე საათში, ზედამხედველმა უკვე დაიწყო პატიმრების შეწუხება. ის შეუბრალებლად და სასტიკად იქცეოდა და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ამას სიამოვნებით აკეთებდა. სხვა მცველებმაც წინამორბედს მიბაძეს.
ზედამხედველი პატიმრებს დასცინოდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ, ასრულებინებდნენ უაზრო და მოსაწყენ სამუშაოებს.
პატიმრებიც თანდათან კარგავდნენ თავიანთ სახეს. მათაც დაიწყეს ნამდვილი პატიმრების მსგავსად მოქცევა. საუბრობდნენ ციხის საკითხებზე, ზედამხედველებთან ერთმანეთის შესახებ „ზღაპრებს“ ჰყვებოდნენ. მათ ციხის წესები ისე სწრაფად აითვისეს, თითქოს ამ მდგომარეობაში დიდი ხანი უნდა ყოფილიყვნენ. ზოგი მათგანი იცავდა ციხის წესებს, ზოგიც მის დარღვევას ცდილობდა, ისეთებიც კი არსებობდნენ, ვინც ზედამხედველებთან წესების დამრღვევებს ასმენდნენ.
მეორე დღის მცირე კადრები
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=uTdttd7XTfQ” width=”560″ height=”315″]
რამოდენიმე დღეში პატიმრებსა და ზედამხედველებს შორის ურთიერთობა მკვეთრად შეიცვალა. პატიმრები მცველთა სრული კონტროლის ქვეშ მოექცნენ, როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქოლოგიური თვალსაზრისით.
რაც უფრო დამოკიდებულები ხდებოდნენ პატიმრები მათზე, მით უფრო მეტად დამცინავი გახდა ზედამხედველთა ქმედება. ისინი პატიმრებს აგდებულად უყურებდნენ და აშკარად აგრძნობინებდნენ კიდეც ამას. რაც უფრო იზრდებოდა მცველების ზეწოლა, მით უფრო მორჩილები ხდებოდნენ პატიმრები და პირიქით.
პატიმრების მორჩილების ზრდასთან ერთად ზედამხედველების აგრესია და მოთხოვნებიც გაიზარდა. ისინი მეტ და მეტ მორჩილებას ითხოვდნენ მათგან. იმისათვის რომ ზედამხედველების გული მოეგოთ, პატიმრები არათუ გვერდში ედგნენ ერთმანეთს, არამედ სხვის საწინააღმდეგოდ ტყუილებსაც კი იგონებდნენ..
36 საათის შემდეგ, კვლევის ორგანიზატორებს ერთი პატიმრის გათავისუფლება მოუწიათ, ხმამაღალი ყვირილის, ტირილისა და სიბრაზის გამო. მისი აზროვნება გარკვეულწილად ტრამვირებული იყო, იკვეთებოდა ღრმა დეპრესიის ნიშნები. შემდეგ დღეებში პატიმართა უმეტესობაში შეინიშნებოდა ემოციური დარღვევები. (ეს ადამიანებს სტაბილური ემოციური მდგომარეობა დაუდგინდათ, ექსპერიმენტის დაწყებამდე.)
ზიმბარდოს სურდა ექსპერიმენტი 2 კვირა გაგრძელებულიყო, მაგრამ იძულებული გახდა მეექვსე დღეს შეეწყვიტა მუშაობა. ექპერიმენტის გაგრძელების შემთხვევაში, პატიმრების მენტალური და ფიზიკური მდგომარეობის მნიშვნელოვნად გაუარესების დიდი საფრთხე ჩანდა.
ჩანს ადამიანები ხალისით შეასრულებენ დაკისრებულ სოციალურ როლებს, მითუმეტეს თუ ეს როლები მკაცრად განსაზღვრული სტერეოტიპებითაა დადგენილი, როგორც ეს ციხის ზედამხედველთა შემთხვევაში მოხდა. ციხის გარემო ზედამხედველთა შეუბრალებელი ქცევის მნიშვნელოვანი განმსაზღვრელი ფაქტორი აღმოჩნდა. (არცერთ მცველის როლის შემსრულებელს არ ჰქონია წარსულში სადისტური ქცევის გამოცდილება). მაშასადამე, იმ როლებს რომელთაც ადამიანები თამაშობენ, შეუძლიათ განსაზღვრონ მათი ქცევა და დამოკიდებულება.
ექპერიმენტის შემდგომი ინტერვიუ ციხის ზედამხედველთან
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=fQnOkmvigi0″ width=”560″ height=”315″]
ექსპერიმენტის შემდეგ ზიმბარდო პირადად გაესაუბრა მონაწილეებს.
„მონაწილეთა უმეტესობამ განაცხადა, რომ კვლევამ მეტისმეტად რეალურად ჩაიარა მათთვის. ერთმა ზედამხედველმა აღნიშნა: „გულწრფელად გაკვირვებული ვარ საკუთარი ქცევით და ვერ წარმოვიდგენდი, თუ ოდესმე ვაიძულებდი ვინმეს, რომ საპირფარეშო შიშველი ხელებით ეწმინდა.“ მეორემ თქვა: „ჩანს ძალაუფლებაში დიდი სიამოვნებაა.““
კადრების ხილვისას, ზედამხედველებს უჭირდათ დაჯერება, რომ ასე სასტიკად იქცეოდნენ. ისინი ამბობდნენ, რომ არ იცოდნენ თავიანთი ბნელი მხარეების შესახებ. პატიმრებსაც უჭირდათ იმის გააზრება, რომ ასე მორჩილად ნებდებოდნენ „ციხის წესებს“.

წყარო: http://tornikeeristavi.blogspot.com

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები