ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება
“ვგმობ საქართველოს მოქალაქეების დევნას და მოვითხოვ ადგილზე შეიქმნას ადამიანის უფლებათა და უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმები”, – ასე გამოეხმაურა ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების ფაქტს.
პოზიცია საგარეო საქმეთა მინისტრმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დააფიქსირა.
„რეპრესიული რეჟიმის მახინჯი სახე რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში. ვგმობ საქართველოს მოქალაქეების დევნას და მოვითხოვ ადგილზე შეიქმნას ადამიანის უფლებათა და უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმები. მე ამ საკითხს ხვალ წამოვაყენებ ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე“, – დაწერა ლინას ლინკევიჩუსმა.
საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს 3 მოქალაქე – არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი ახალგორში 22 თებერვალს დააკავა. არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს ოკუპირებულ ქალაქ ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა.